თავისუფლება და თანასწორობა – დილემა, თუ პერსპექტივა?

Share on Facebook8Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ყველაზე მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრიბუნებიდან, ისევე როგორც მსოფლიოს ქუჩებსა თუ საჯარო  დარბაზებში, სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომლის მართებულობას 2001 წელს, გენუაში ანტი–გლობალისტურ დემონსტრაციაზე კარლო ჯულიანის  მკვლელობის შემდეგ საღად მოაზროვნე ადამიანები თანდათან აცნობიერებენ: კაპიტალიზმის გაბატონებული ლოგიკა უნდა შეიცვალოს! და კვლავ, უმთავრეს შეკითხვად რჩება – რითი? რა შეიძლება იყოს ნეოლიბერალურ კატეხიზმოსა და ვაშინგტონის კონსენსუსზე დაფუძნებული სისტემის პოზიტიური ალტერნატივა?

ეს წერილი მიზნად არ ისახავს ამგვარი ალტერნატივის ზუსტი და დეტალური მოდელი დახატოს. თანამედროვეობის ურთულესი და ამავე დროს, შემოქმედებითი გამოწვევის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მზა  მოდელები არ არსებობს და არც იარსებებს, საზოგადოებრივი ცხოვრების სიჯანსაღე არა რიგიდული მოდელის შენების, არამედ –  მხოლოდ ჩვენი საერთო შრომისა და პერმანენტული ძალისხმევის შედეგი შეიძლება იყოს. ჩვენი მცდელობა მიზნად ისახავს შემოგთავაზოთ ერთგვარი ორიენტირი ამგვარი შრომისათვის, და ეცადოს აჩვენოს, რომ ეს ორიენტირი დღეისათვის – ყველაზე რაციონალურია. ამასთან, ვცდილობთ რა სტატიის ფორმატში ჩავატიოთ ხანგრძლივი და სერიოზული კვლევის ღირსი თემები, ტექსტი უფრო ზოგადი თეზისების სერიას წარმოადგენს. ზოგიერთი მოტანილი ცნება თუ დებულება შესაძლოა შემდგომ დაზუსტებას ან კრიტიკული მიდგომის შემთხვევაში, უარყოფასაც კი საჭიროებდეს. ასევე, საბჭოთა კავშირის ან ნეოლიბერალიზმის შესახებ საუბრისას გვერდს ვერ ავუვლიდით მსჯელობის გამარტივებას, მაგრამ რაკიღა ჩვენი მიზანი ამ ისტორიათა დეტალური ანალიზი არაა, ვფიქრობთ, რომ ამგვარი სქემატიზირება გამართლებულია სტატიის ამოცანით. იმედი გვაქვს ამ საკითხებს თანდათანობით, მომდევნო სტატიებში, შესაძლოა, დისკუსიაში გავშლით.

*

მეოცე საუკუნე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ საზოგადოებრივი ფორმაციების მანამდე წარმოუდგენელი ინტენსივობის ექსპერიმენტირების არეალად. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებით მწვავედ წარმოჩინდა  ახალი, შეცვლილი  დროის შესაბამისი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ორგანიზაციის ფორმების ძიების აუცილებლობა. აშკარა იყო, რომ ძველი წესრიგი თავს ვეღარ ართმევდა ადამიანთა წინაშე მდგარ ახალ ამოცანებს. რა თქმა უნდა, ამგვარი ექსპერიმენტებისთვის ნიადაგი მრავალი მოაზროვნის მიერ წინა საუკუნეებში, განსაკუთრებით, მეცხრამეტე საუკუნეში იყო შემზადებული. და აი ამ ნააზრევის პრაქტიკაში განხორციელების დრო დადგა.  ფორმაციათა შორის კონკურენცია კიდევ უფრო აქტუალური ფაშიზმის დამარცხების შემდეგ გახდა (აქ  ზედმეტია თავად ფაშიზმზე საუბარი[1], რაკიღა  არსებობს საერთო შეთანხმება, და დარწმუნებული ვართ, მას ყველა მკითხველი იზიარებს, რომ იგი ყველაზე უსამართლო რეჟიმი იყო კაცობრიობის ისტორიაში).  შედეგად, ცივი ომიდან მოყოლებული, რამოდენიმე ათწლეულში ჩამოყალიბულმა ორმა პოლარულად დაპირისპირებულმა წესრიგმა, რომლებიც როგორც ერთმანეთის შესაცვლელად, ასევე – ჯერაც აუთვისებელი ტერიტორიების დასაპყრობად კონკურენციაში ჩაებნენ, თითქმის თანაბრად გადაინაწილა პლანეტა და ჩრდილში მოაქცია სხვა ტენდენციები. ეს ორი დომინანტური წესრიგია:  ანგლო–საქსური ნეოლიბერალიზმი, და გვიანსაბჭოური სოციალიზმი.

ნეოლიბერალიზმის უმთავრესი იდეოლოგიური ქვაკუთხედი თავისუფლების ცნება გახდა. გვიანსაბჭოური იდეოლოგიის კი – თანასწორობის იდეა[2].

*

საბჭოთა კავშირში რეჟიმის სათავიდანვე განსაზღვრულმა კურსმა თანდათან საჩინოჰყო მარტივი პოლიტიკური ჭეშმარიტება – მხოლოდ დეკლარირებული თანასწორობის პირობებში, როდესაც ადამიანები მოკლებულნი არიან თავისუფლებას, მთელი ძალაუფლება  მათ ხელში მოექცევა, ვინც ამ ‘თანასწორობას’ იმთავითვე წარმართავს  და ადგენს. საბოლოოდ სწორედ თანასწორობა იქცევა მხოლოდ ცარიელ სიტყვად, მანტრად, რომლის პერმანენტული განმეორების შეწყვეტა მკაცრად ისჯება პროცესების საჭეთმპყრობელთა მიერ. ეს კი  გარდუვალად  დილეგად გადააქცევს ადამიანთა ცხოვრებას. საიდუმლო, რომელიც გულაგის არსებობის გახმაურებამ გააცხადა, იყო არა ის, რომ თურმე საბჭოთა ადამიანთა ჩვეულებრივი, უწყინარი ცხოვრებისაგან ფარულად შემზარავი მოვლენები ხდებოდა, არამედ – რომ გულაგი თავად ამ ყოფის  შემზარავობის ხორცშეხმული სიმბოლო, მისი უტრირებული გამოხატულება იყო.   

მცირე გადახვევა: მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ მემარცხენეობა/მემარჯვენეობის  მთავარი პრობლემა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისადმი მათი დამოკიდებულებაა. ეს მთლად ასე არაა. მაგ. მემარცხენეობის ერთ–ერთი მთავარი მოაზროვნის, კარლ მარქსისათვის, ბაზარი თავისთავად საერთოდ არაა ცენტრალური  ინტერესის საგანი. მარქსს აინტერესებს ბაზრის ერთი კერძო, კონკრეტული და ამავე დროს, უმნიშვნელოვანესი კომპონენტის –  საწარმოო ძალის ბედი. კაპიტალიზმის არსი ის კი არაა, თავისუფალია თუ რეგულირებადი ვაჭრობა, არამედ – როგორ ექცევა იგი ბაზრის ამ უმთავრეს პროდუქტს,  თავისუფალია თუ არა თავად საწარმოო ძალა. კაპიტალიზმის არსი – საწარმოო ძალის ექსპლოატაციაა, და მისი ბარბაროსულობა თუ ჰუმანურობა ამ ექსპლოატაციის ხარისხით განისაზღვრება, ხოლო მისი არსებობა–არარსებობა ზოგადად – ექსპლოატაციის არსებობა–არარსებობით.

და თუ ეს ასეა, იმ მარტივი ფაქტის გაცნობიერებით, რომ საბჭოთა კავშირში საწარმოო ძალა აშკარად ექსპლოატირებული იყო, მაგრამ არა კლასიკური გაგებით კაპიტალისტის, არამედ – სახელმწიფოს მიერ, აშკარაა – ექსპლოატაცია საბჭოთა სისტემის არსი იყო. თუ სტალინის ეპოქაში სახელმწიფოს დიქტატორის ფიგურა და მისი ახლო გარემოცვა წარმოადგენდა,  გვიან საბჭოეთში ექსპლოატაციას სწორედ უზარმაზარი სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატი ახორციელებდა[3]. ეს ლოგიკა ცდილობდა საზოგადოებრივი ცხოვრებისა თუ ადამიანთა პერსონალური ყოფის ყველა სფერო ტოტალურად მოეცვა, ვინაიდან თუნდაც დროებითი არსებობა საგანთა ბუნების  საწინააღმდეგო მოვლენებს მხოლოდ ძალადობით შეუძლიათ. ამ ლოგიკიდან გამომდინარე ვფიქრობთ, გამართლებულია გვიანსაბჭოური წესრიგი (ვგულისხმობთ იმ ქვეყნებსაც,  სადაც ეს ლოგიკა მეტ–ნაკლებად ვრცელდებოდა), როგორც გამოცდილება, გავნსაზღვროთ, როგორც ბიუროკრატიული  ტოტალიტარიზმი.

*

ცხადია, ამგვარი არაბუნებრივი, ადამიანის დანიშნულებასა და მოწოდებასთან შეუთავსებელი რეჟიმი სამუდამოდ ვერ იარსებებდა, და საბჭოთა კავშირი დაინგრა.

20  წლის წინ ამას მოჰყვა ეიფორია, რომელმაც ისტორია დასრულებულად მიიჩნია, და ერთადერთ შესაძლო, ამდენად – ღვთაებრივ წესრიგად კაპიტალიზმის არსებული ფორმა – სადღეისოდ ნეოლიბერალიზმად სახელდებული წესრიგი გამოაცხადა.

დღეს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან დახლოებით 20 წლის მერე პოლიტიკური და ეკონომიკური მასშტაბებით არანაკლები, კიდევ უფრო გაურკვეველი პერსპექტივის გლობალური კრიზისის პირისპირ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ ეიფორია ილუზიებს  ეფუძნებოდა, და რომ კაპიტალიზმის არსებულ ფორმას, ისევე, როგორც საბჭოურ სოციალიზმს, ძალა არ შესწევს თანამედროვეობის გამოწვევებს, ადამიანთა უმთავრეს მისწრაფებებს და ინტერესებს უპასუხოს. ეს მტკიცება ბოლო წლებში ‘მარგინალურ’ წრეებს გასცდა, და სულ უფრო ხშირად ისმის მათი პირიდან, ვინც ჯერ კიდევ გუშინ ნეოლიბერალიზმის სიმბოლოებად მოიაზრებოდნენ, მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური ფორუმებიდან, რომელიც აქამდე ლამის ექსკლუზიურად ნეოლიბერალური ნაღების თავმოყრის ადგილებს წარმოადგენდნენ[4].

ვფიქრობთ, რომ ამ ვითარებაზე დაკვირვებას მივყავართ დასკვნამდე, რომ პოლიტიკური თავისუფლების იდეალის არაპროპორციული დომინანტობა  ისევე დამღუპველია, როგორც მხოლოდ სოციალური თანასწორობის იდეის დიქტატი. ადამიანი მხოლოდ პოლიტიკური ცხოველი არაა. იგი ამავე დროს ბიოლოგიური არსებაა, და პოლიტიკურ თავისუფლებათა განხორციელება რომ შეძლოს, უეჭველად სჭირდება ცოცხალი, ჯანმრთელი, დასაქმებული იყოს. სჭირდება სოციალური ემანსიპაცია. რა თქმა უნდა, დებულება შეუზღუდავი თავისუფლების თვითგაუქმების შესახებ ახალი არაა. თვით ნეოლიბერალთა ერთ–ერთი საყვარელი ავტორი, კარლ პოპერი ამბობდა, რომ ნებისმიერი შეუზღუდავი თავისუფლება საბოლოოდ საკუთარ თავს აუქმებს. და ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესს, თუ როგორ იქცევა მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით – ამერიკაში ‘დემოკრატია’ – ასევე უშინაარსო მანტრად, თავისუფლება – მხოლოდ მცირედთა ვაჭრობისა და რესურსების ფლობის ‘თავისუფლებად’, ვხედავთ მასების ცხოვრების გაუარესების და გარემოს განადგურების ფონზე როგორ იყრის ძალაუფლება თავს იმ ერთეულთა ხელში, ვინც წარმოუდგენელ სიმდიდრესა და ამ სიმდიდრის კვალწარმოების საშუალებებს,  მათ შორის – ‘დემოკრატიის’ საქადაგებელ ტრიბუნას – მედიას დაუფლა. კვლავ, ექსპლოატაციის პრობლემა გადაუჭრელი რჩება, და ამდენად, ბუნებრივია, სახეზე გვაქვს ფინანსურ–კორპორაციული კაპიტალიზმის განუკითხავობა, რომელსაც მხოლოდ ეკონომიკური მოგების ინტერესი ასაზრდოებს, და მისი მისწრაფება ასევე ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეღწევისაკენ – საბაზრო ტოტალიტარიზმი.

*

კიდევ ერთი გადახვევა: იმაზე, რომ როგორც თავისუფლების, ასევე თანასწორობის იდეალთა ცალმხრივობა, ერთის – მეორის გამომრიცხავი დომინანტურობა შეუთავსებელია ადამიანის ბენებასთან, მეტყველებს მარტივი დაკვირვება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩენილი ფენომენის – დისიდენტობის თავისებურებაზე. კონკრეტულ ვითარებაში, დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში, დისიდენტობის რეალური შინაარსი სწორედ გამორიცხული მეორის კომპენსირებისაკენ მისწრაფება იყო. თუ ‘სოციალური თანასწორობის’ სახელმწიფოებში დისიდენტთა – ანდრეი სახაროვს, ლეხ ვალენსას, ვაცლავ ჰაველის…  – უმთავრესი მიზანი – პოლიტიკური თავისუფლება იყო, დასვლეთის დისიდენტთა უმრავლესობა – ნოამ ჩომსკი, ჰოვარდ ზინი, ლესლი კაგანი… –  სწორედ სოციალური თანასწორობისთვის იბრძოდა და იბრძვის, და კრიტიკის მახვილს კორპორაციების, ბანკების, ბაზრის დიქტატურისაკენ მიმართავს.

*

ვფიქრობთ, დროა შევთანხმდეთ, რომ როგორც საბჭოური, ასევე ნეოლიბერალური გამოცდილება წარსულს უნდა ჩავაბაროთ, და მზერა მომავლისაკენ მივმართოთ.

ამ მომავალში ერთი მხრივ, საჭიროა რაიმე, რაც იქ დაუდებს ზღვარს პოლიტიკურ თავისუფლებას, როდესაც იგი განუკითხაობაში – მცირედთა ბატონობაში გადაზრდის საფრთხის პირისპირ დადგება. ჩვენი აზრით, ესაა სოციალური თანასწორობა.

და იმავე დროს, საჭიროა რაიმე, რაც თანასწორობისაკენ მისწრაფებით ცხოვრების დილეგად გადაქცევას შეუშლის ხელს – ესაა პოლიტიკური თავისუფლება.

ვის ან რას შეუძლია საზოგადოების სრულფასოვანი განვითარებისათვის აუცილებელი, თავისუფლებასა და თანასწორობას შორის ამგვარი ბალანსის უზრუნველყოფა?

ბიუროკრატიის ინტერესებში არაა ძალაუფლება გაუყოს კორპორაციებს, ან – მხოლოდ იმდენადაა, რამდენდაც საკუთარი თავის შენარჩუნებისთვის სჭირდება – როგორც ამას დღეს ჩინეთში ვაკვირდებით. ასევე, ბაზრის ინტერესებში არაა ძალაუფლება გაუყოს ბიუროკრატიას – თუ არა იგივე მიზეზით – ამის მომსწრენი ამერიკაში კრიზისის შემდეგ  კორპორაციათა მხრიდან გარკვეული კომპრომისების მაგალითზე გავხდით. საქმე ისაა, რომ თუმცა ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს წარმოადგენენ, თვითდინებაზე მიშვებული ბიუროკრატიისა და ბაზრის უზენაესი მისწრაფება – ძალაუფლებაა, ამისათვის კი იგი უეჭველად ექსპლოატაციას მიმართავს. ამდენად მათ შორის საერთო მეტია, ვიდრე განსხვავება. მხოლოდ ბიუროკრატიასა და ბაზარს შორის შესაძლებელია ურთიერთხელსაყრელი გარიგება, და არა კონსენსუსი, რომელიც ყველას –  ბაზარს, ბიუროკრატიასა და მათ გარეთ დარჩენილ საზოგადოებას სჭირდება ჰარმონიული განვითარებისათვის. კონსენსუსი განსხვავებულობათა შორის თანხმობის წერტილის ძიების შემოქმედებით პროცესს გულისხმობს. ის, ვისაც დიდი ძალისხმევისა და გაცნობიერებულობის ფასად, მაგრამ ერთადერთს ხელეწიფება სტიმული მისცეს ამგვარი კონსენსუსის ფორმირებას, არის სწორედ ეს, მესამე, მიზნებითა და ინტერესებით არსებითად განსხვავებული, უმთავრესი, მაგრამ ხშირად იგნორირებული აქტორი სცენაზე – თავად საზოგადოება. მხოლოდ ამ სამი ძალის: ბაზრის, ბიუროკრატიისა და საზოგადოების დინამიურ ბალანსს შეუძლია შექმნას წესრიგი, როგორც პირობა განვითარებისა, სივრცე ადამიანთა თვითრეალიზაციისა.

შესაძლებელია ასეთი რამ, თუ ეს მხოლოდ უტოპიაა, პრინციპულად განუხორციელებელი მომავალი?

პასუხისათვის ისევ წარსულს, უპირატესად ისევ მეოცე საუკუნის ისტორიას უნდა მივმართოთ.

*

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზემოთაღწერილ პოლარობათა ისტორიული კონფრონტაციის მიღმა შედარებით შეუმჩნეველი დარჩა მესამე, და ჩვენი აზრით უმთავრესი გამოცდილება. გამოცდილება, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ ყველა ჩვენგანისათვის უკეთესი მომვალისთვის ორიენტირის ძიებისას. შეუმჩნეველი დარჩა ნაწილობრივ იმიტომ, რომ ანტაგონისტური დაპირისპირების გარემოცვაში იგი პრობლემების გადაჭრაზე იყო ორიენტირებული. მტრის ხატის შექმნისა და მის წინააღმდეგ ყველა რესურსის მობილიზების ნაცვლად – ადამიანთა უკეთესი პირობებისათვის შრომობდა, და ეს შრომა – ევოლუციური  და გრადუალური – ნაკლებად იყო მოქცეული ფოკუსში ჯერ იმ ცივი ომის ისტერიისას,  რომელსაც მტრის შიში ასაზრდოებდა, მერე კი სამარცხვინო ეიფორიისას, რომელიც ნეოლიბერალიზმის ტრიუმფალურ გამარჯვებას მოჰყვა. მხედველობაში გვაქვს სოციალ–დემოკრატიული შენების გზა, განხორციელებული მეტ–ნაკლებად მთელ დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი – სკანდინავიურ ქვეყნებში. ეს წესრიგი ცხადია, იდეალური არაა, და მაინც, ფაქტია – ხალხის ინტერესების წინა პლანზე წამოწევით ყველაზე მეტად სწორედ სოციალ–დემოკრატიამ  შეძლო თავისუფლებისა და თანასწორობის იდეალების მეტ–ნაკლებად ჰარმონიული შეთავსება, მოძებნა პოლარობათა სინთეზის გზა. შეძლო მოეპოვებინა ადამიანის ღირსეული ცხოვრების მრავალი აუცილებელი პირობა – მაგ. უფასო ჯანდაცვა ბრიტანეთში, ხელმისაწვდომი განათლება გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, მაღალი სოციალური დაცულობა, ღირსეული შრომის პირობები და ა.შ. მეტ–ნაკლებად მთელ დასავლეთ ევროპაში, და იმავე დროს – შეექმნა პოლიტიკური თავისუფლების პირობები.  სწორედ სოციალ–დემოკრატიული ქვეყნები ლიდერობენ სიას, რომელიც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ საზოგადოებებს  წარმოგვიდგენს, და სადაც განვითარება – შეიარაღებისთვის გაწეული ხარჯებით ან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვნებელი შიშველი ციფრებით კი არ იზომება, არამედ – მოსახლეობის საერთო კეთილდღეობისა და თავისუფლების, და ამ პროდუქტთა სამართლიანი გადანაწილების ხარისხით. ფაქტია, რომ სკანდინავიის სოციალ–დემოკრატიულმა ქვეყნებმა – ფინეთმა, შვედეთმა, ნორვეგიამ – ყველაზე მეტად შეძლეს მიმდინარე გლობალური კრიზისისთვის თავის გართმევა. სწორედ მათ შეეხო ყველაზე ნაკლებად ბოლო წლების პოლიტიკურ–ეკონომიკური კატაკლიზმები.

ის, რომ სოციალ–დემოკრატია იდეალური არაა, არ გამოდგება ამგვარი პერსპექტივის უარსაყოფად, ჯერ ერთი იმიტომ, რომ გამოცდილება გვიჩვენებს – პრაქტიკული შედეგების თვალსაზრისით იგი საუკეთესოა ადამიანთა კეთილდღეობისთვის დღემდე შექმნილ წესრიგთაგან, ხოლო  ‘სამოთხის’ დედამიწაზე დამყარების ილუზია არც უნდა გქონდეს. გარდა ამისა –  იგი შესაძლოა კიდევ უფრო წარმატებული იყოს  – სხვა ფაქტორთა შორის უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოციალ–დემოკრატია დღეს მხოლოდ ოაზისია ანტაგონიზმსა და არასრულფასოვნებაზე აგებულ, მუდმივად მერყევ მსოფლიო წესრიგში, და ბუნებრივია, პლანეტის პრობლემები თუნდაც შედარებით ნაკლებ, მაგრამ მაინც ეხება მას.

პოლიტიკური თავისუფლებისა და ეკონომიკური თანასწორობის, დემოკრატიისა და სოციალიზმის იდეალები გეოგრაფიული მოვლენა არაა, ისინი ადამიანის ცნობიერების ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბებული უნივერსალური ფასეულობებია, მთელი კაცობრიობის საკუთრება. ისინი ყველა დროისა და ხალხის ადამიანთა უმთავრეს მისწრაფებებს აღნიშნავენ. და ჩვენი აზრით, პირველ რიგში სწორედ კაცობრიობის უკვე განვლილი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მხოლოდ მათ საფუძველზე შეიძლება მდიდარი და მრავალფეროვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ცხოვრების მშენებლობა, თანამშრომლობაზე, და არა ანტაგონიზმზე დაფუძნებული დინამიური წესრიგის ფორმირება. და თუ ჩვენ ევროპაზე ვლაპრაკობთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიულ კანონზომიერებათა გამო დღეისათვის ამ ფასეულობებმა ყველაზე მეტად გეოგრაფიული ევროპის ქვეყნებში შეისხა ხორცი. ამგვარ ფასეულობებზე დაფუძნებული, მუდმივად განვითრებადი საზოგადოებისაკენ, ასეთი ევროპისაკენ ორიენტირება დღეს მიმდინარე კრიზისის პირობებში საუკეთესო გზად გვესახება მსოფლიოს ყველა ხალხისათვის – საქართველოსა თუ მექსიკისათვის, ამერიკისა თუ რუსეთისათვის, და კვლავ – თავად სოციალ–დემოკრატიული ქვეყნებისათვის.


 [1] ფაშიზმზე (ან ნაციზმზე) რომ ვლაპრაკობთ, ვგულისხმობთ მის  ყველაზე  ‘სუფთა’ სახით არსებობას, კერძოდ მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის გერმანიაში. ფაშიზმს კი არსებითად გავნსაზღვრავთ როგორც საერთო წესრიგიდან ზედმეტი ხალხის – ‘დანარჩენების უბედურებაში დამნაშავეთა’ ,  ‘არაარიელთა’ გამორიცხვის პოლიტიკას. თუმცა ფაშიზმის ელემენტებს პერიოდულად, განსაკუთრებით, კრიზისების დროს, როდესაც ‘მტრის’ და ‘დამნაშავის’ ძიება იწყება ხოლმე,  ვხვდებით როგორც საბჭოურ (რეპრესიები ხალხის მტრების: არისტოკრატიის, ‘ინტელიგენციის’, სამღვდელოების, ‘კულაკების’ წინააღმდეგ საბჭოთა კავშირში…), ასევე კაპიტალისტურ (მაგ. მაკარტიზმი, ‘წითლების’ დევნა ამერიკაში, პინოჩეტის  ჩილე, პერიოდული ანტიემიგრანტული განწყობები…) გამოცდილებაში.

[2] იგულისხმება განსაკუთრებული აქცენტები, თორემ ცხადია მთლიანად, მით უმეტეს, რიტორიკის დონეზე, არც თანასწორობის ცნება ამოუღიათ კაპიტალიზმის ლექსიკონიდან (სადაც იგი ჯერ კიდევ დამფუძნებელი მამების მიერ იყო ჩაწერილი), და არც დემოკრატიის იდეა გაუუქმებიათ  მთლიანად სოციალისტურ ბანაკში.

[3] საბჭოთა კავშირის ისტორია უფრო ხანგრძლივი, და ამიტომ, უფრო კომპლექსური და წინააღმდეგობრივი იყო  მაგ. ნეოლიბერალიზმის ან ფაშიზმის ხანმოკლე ისტორიებთან  შედარებით. ბიუროკრატიულ წესრიგში ვგულისხმობთ  ჯერ კიდევ სტალინის დროს დაწყებული, მოგვიანებით ხრუშოვის მიერ ნაწილობრივ გაგრძელებული ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ საბოლოოდ  ჩამოყალიბებულ წესრიგს, რომელიც ბრეჟნევის დროს ბიუროკრატიისადმი სრული კაპიტულაციით დასრულდა.

[4]  ნიკოლა სარკოზი და ანხელა მერკელი, ჯორჯ სოროსი და უორენ ბაფეტი, დიდი რვიანის სამიტი თუ დავოსის ეკონომიკური ფორუმი…

Share on Facebook8Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*