ეთნოშოვინიზმის წინააღმდეგ

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
გლობალიზაცია ისეთივე გარდაუვალი მოვლენაა, როგორც სიკვდილი.  იმის მაგივრად, რომ ის არ შევიმჩნიოთ ანკი ბარიკადების აგება დავიწყოთ მის წინააღმდეგ პირველ რიგში უნდა ვეცადოთ ის ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ.  თუკი ქვეყანაში გლობალიზაციის წყალობით უამრავი ნაგავი შემოდის, ჩვენ პირიქით, უნდა ვეცადოთ კარგი შემოვიტანოთ ნაგავის მაგიერ.  ამავე დროს საკუთარი კარგის გატანაც შეიძლება იმისათვის რომ ქართული იდეაც მსოფლიო ცივილიზაციის ღირსეული ნაწილი გახდეს.  თვითიზოლაციით ამ მიზანს ვერ მივაღწევთ.

  ქართული ქრისტიანული კულტურის დადებითი მხარე სწორედ ის იყო, რომ ჩვენთვის უცხო იყო ვიწრო ეთნიკური შოვინიზმი.  ევროპული ნაციოანალიზმის იდეა მეოცე საუკენემდე საქართველოში არ იყო შემოსული.  ჩვენი მეიდნის არქიტექტურული კომპლექსი და იგივე ავლაბრის ეთნიკური შემადგენლობა სწორედაც რომ ქართული (და თბილისის) კულტურის კოსმოპოლიტიზმზე მიუთითებს.  ამავე დროს, აგრეთვე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯვაროსნული ცივილიზაციისაგან განსხვავებით ქართულ ქრისტიანობას არასდროს უქცევია დოგმად "სამართლიანი ომი", ანუ არასდროს გაუმართლებია ძალადობა.  თუმცა, ეს 'არასდროს' შედარებითი ცნებაა.

  მეოცე საუკუნის ბოლოდან უკვე რეგულარულად გვესმის ეთნიკური შოვინიზმის და ანტი-ჰუმანიზმის ღია ქადაგება სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეების მხრიდან, რაც უკვე სრულებით მიუღებელ ფორმებს იღებს.  

  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დიდხანს თავს ვიკავებდი კომენტარის გაკეთებისგან.   ცხადია, პარლამენტმა კარგი კანონი მიიღო, სადაც ყველა აღმსარებლობას სამართლებრივი სტატუსი დაუკანონა.  ასევე მეტად კორექტული განცხადება გააკეთა მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა. მაგრამ, ცალკეული ადამიანებისა და დაბალი რანგის სასულიერო პირების განცხადებები ნამდვილად იმსახურებს პასუხს.   ბევრი მათგანის გამონათქვამებში იაფფასიანი არმენოფობია სჩანდა, რაც სრულიად სამარცხვინო მოვლენაა.  საბედნიეროდ ასეთი ადამიანები უმრავლესობაში არ არიან.

ნებისმიერი ერის მიმართ დამამცირებელი მიმართვა და ქსენოფობიის გამოვლენა მთლიანად მიუღებელია მეტნაკლებად განვითარებული საზოგადოებისათვის.  მითუმეტეს ჩვენი მეზობელი და ნათესავი კავკასიელი ერების მიმართ გამოვლენილი ასეთი დამოკიდებულება არის მთლიანად დამღუპველი.

   იმათ, ვინც ანტი-სომხურ განცხადებებს აკეთებდა მინდა შევახსენო რომ ქართველებს და სომხებს ათასობით წლის ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს და ჩვენს შორის გასაყოფი ნამდვილად არაფერია.  ილია ჭავჭავაძის დედა სომეხი გახლდათ, ისევე როგორც ქართული ეკლესიის კიდევ ერთი წმინდანი, შუშანიკი.  ჩვენს ურთიერთობაში ძალიან ბევრი ნათელი წერტილია – გაცილებით მეტი იმ რამოდენიმე ბნელ ადგილზე, რომელიც ნებისმიერ ისტორიაში მოიძებნება.  

   მე გავიზარდე თბილისის ტრადიციულ უბანში, სადაც სომხური ენა, პრაქტიკულად ქართულთან ერთად მესმოდა ყოველდღიურად.  მე უამრავი სომეხი მეგობარი მყავს, მათს შორის ძალიან ახლოც.  მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა რომ სომხეთში მაქვს გატარებული ერთ-ერთი საუკეთესო დრო.  ჩვენთან დღესაც უამრავია შერეული ქართულ-სომხური ოჯახი.  ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანებს შორის არაერთია ასეთი.  სომხური ენა, ისევე როგორც აზერბაიჯანული, ქურთული, ბერძნული, ოსური, აფხაზური, და სხ
ვა ენები ჩვენი კულტურის დიდი ნაწილია.  სრულებით ზედმეტია აქ შაბლონური ისტორიული მაგალითების მოყვანა.  ყველამ იცის რომ ქართველებს და სომხებს ბევრი რამ გვაერთიანებს.

  კიდევ ერთი:  ქრისტიანობა როგორც რელიგია არ ცნობს ვიწრო ეთნიკურ ნაციონალიზმს.  ეს ყველა მორწმუნემ იცის.  ქრისტეს   და პავლე მოციქულის ქადაგებებში ნათლად სჩანს რომ ნაციონალიზმი სრულიად მიუღებელი დოქტრინაა ქრისტიანობისათვის.   პავლე მოციქულის მთელი მოღვაწეობა სწორედ იმას მიეძღვნა რომ ქრისტიანობა გაეტანა ისრაელის ფარგლებს გარეთ.  ეთნიკური ნაციონალიზმი სწორედაც რომ ლიბერალური, ბურჟუაზიული ფრანგული რევოლუციის მოტანილია მსოფლიოს ისტორიაში.  სწორედ, ფრანგული რევოლუციის მერე დაიწყეს ადამიანების განსჯა საკუთარი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით და დააარსეს ეთნო-ლინგვისტური რესპუბლიკები.  ნაციზმიც ამ მოდერნული ლიბერალიზმის ერთი უშნო მემკვიდრე იყო.   ეს საჭიროა კარგად იცოდეს ყველამ, ვისაც დღეს ფსევდო-ნაციონალისტური დროშა აქვს ამოფარებული ქრისტიანობის საფარის ქვეშ.

მე მინდა საჯაროდ დავუდგე გვერდში ყველა ჩემს სომეხ მეგობარს და ვთქვა რომ მე ნამდვილად სომეხი ვარ.  რაც არ უნდა ეთნიკური წარმოშობა გვქონდეს – ჩვენ ჩვენი ადამიანობა გვაერთიანებს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

  ნაციონალიზმი და ეთნიკური შოვინიზმი გახლავთ ბურჟუა ცნობიერების ნაყოფი, რომლის მიზანია ყურადღება იდენტობის საკითხებზე გადაიტანოს და ძირეული საკითხი, რომელიც ადამიანების ჩაგვრას ეხება – მთლიანად მარგინებზე გადაიტანოს.  სწორედ ასეთი ნაციონალისტური რელიგიით წამოიწყო ბურჟუაზიამ რამოდენიმე მსოფლიო ომი ევროპაში და ევროპის ფარგლებს გარეთაც.  ევროპამ უკანასკნლე წლებში თვითონვე თქვა უარი 'პატრიას' ვიწრო-ეთნიკურ მოდელებზე და ევროგაერთიანების გზაზე დადგა.  კავკასიისათვისაც, პოზიტიური გამოსავალი მხოლოდ კავკასიურ ერთიანობაშია – ეთნიკური დაყოფა და გახლეჩვა კიდევ უფრო მეტ უბედურებებს მოიტანს.  

  ცხადია ნაციონალისტები და ეთნოშოვინისტები ყველა ქვეყანაში არიან.  მათს აგრესიულ, 'პატრიოტიზმზე' აგებულ რიტორიკას მხოლოდ განათლება და ნამდვილი სულიერება შეიძლება დავუპირისპიროთ.  პავლე მოციქულის სიყვარულის ფილოსოფია საუკეთესო პასუხია ეთნო-შოვინიზმის მქადაგებლების საწინაღმდეგოდ.  ქრისტიანობის მთავარი პრინციპი სწორედაც რომ 'სხვა'-ზე ფიქრში გამოიხატება – ეს ის სხვაა რომელზეც დიდი ფრანგი ფილოსოფოსები ემანნუელ ლევინასი და ჟაკ დერიდა ამდენს მუშაობდნენ.  'სხვა'-სთან ურთიერთობის გათავისების გარეშე ადამიანური ღირებულებების სრულფასოვანი განხორციელება არ არსებობს.  ჩვენ ვართ 'სხვა" და 'სხვა' არის ჩვენ.  ადამიანური ცხოვრების მთავარი არსიც სწორედ ჩვენსა და 'სხვას' შორის საზღვრის წაშლაშია.  სწორედ ამიტომ არის რადიკალურად მიუღებელი ეთნიკური შოვინიზმი თუ ნებისმიერი ტიპის ნაციონალიზმი.  

  საქართველო სწორედ იმით არის ძლიერი რომ ის მრავალხმოვანი კულტურაა, სადაც მშვიდობიანად თანაარსებობს სხვადასხვა ენა, აღმსარებლობა და ჩვეულება.  მრავალხმოვანების გარეშე ქართული კულტურა მთლიანად კარგავს თავისბურებას და მაშასადამე ცხოვრების უნარსაც.  უფრო მეტიც, ქართული იდეის მთავარი შემადგნელეი ნაწილი სწორედაც რომ მრავალხმოვანებაა – ისეთი, კულტურათა ერთიანობა, რომელსაც ასე ეძებს დღეს
მსოფლიო.  

   დღევანდელი მსოფლიო უკვე პოსტმოდერნიზმს გასცდა – დროა ჩვენს უარი ვთქვათ მეთვრამეტე საუკუნის ვიწრო-მოდერნულ ეთნიკურ ნაციონალიზმზე და მრავალხმოვან მსოფლიოში დავიწყოთ ცხოვრება.

  გლობალიზაციის კი არ შეგვეშინდეს – არამედ თვითონ გავიტანოთ საკუთარი პოლიფონია მსოფლიოს რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში – დღევანდელ სამყაროში გადარჩენა მხოლოდ ასე შეიძლება;

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*