გზამკვლევი კაპიტალის მკითხველთათვის : თავი I – საქონელი

Share on Facebook129Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

11167905_567622853377829_7624567652828238607_n
► ავტორი: გიორგი კობახიძე – ფილოსოფიის სტუდენტი, მთარგმნელი და აქტივისტი. 

გზამკვლევი და მასში გამოყენებული ცხრილები მომზადებულია ამერიკელი ეკონომისტის, ჰარი კლივერის წიგნის “წავიკითხოთ კაპიტალი პოლიტიკურად” მიხედვით.

© European.ge

განყოფილება I: საქონელი და ფული
თავი I:  საქონელი 

საქონლის ორი ფაქტორი: სახმარი ღირებულება და ღირებულება (ღირებულების სუბსტანცია, ღირებულების სიდიდე)

შესავალი

მსჯელობას ვიწყებთ საქონლის ანალიზით. ე.ი. იმ სასარგებლო ნივთების, რომლებიც მიიღება ადამიანების შრომისგან და რომლებსაც ყიდულობენ და ყიდიან. რატომ საქონლის? ამ კითხვას მარქსი პირველივე წინადადებებში პასუხობს:

„სიმდიდრე საზოგადოებისა, სადაც კაპიტალისტური წარმოების წესი ბატონობს, ‘უამრავი საქონლის გროვას’ წარმოადგენს, ცალკეული საქონელი კი – მის ელემენტარულ ფორმას. ამიტომ, ჩვენი გამოკვლევა საქონლის ანალიზით იწყება“ (მარქსი, გვ 49)

ე.ი. ვიწყებთ საქონლით, რადგან საქონელი წარმოადგენს კაპიტალისტური საზოგადოების სიმდიდრის ელემენტარულ ფორმას. მარქსი მას უჯრედსაც უწოდებს.

თუმცა, იმისთვის, რომ სრულყოფილად გავიგოთ საქონლის შინაარსი, უნდა გავიაზროთ ის ისტორიული კონტექსტი, რომელშიც ის წარმოიშვა და ვითარდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია საქონლის, როგორც პოლიტიკური და არა წმინდად თეორიული კატეგორიის გაგება.

ამასთანავე, ვინაიდან მარქსის „კაპიტალი“ თანმიმდევრულად მიჰყვება საქონლის და კაპიტალის სხვა განმსაზღვრელების ლოგიკურ განვითარებას, თითოეული განმსაზღვრელის სიღრმიესული გაგებისთვის, საჭიროა სათითაოდ მათი, როგორც ცალკეულის დაკავშირება ყველა დანარჩენთან, როგორც მთლიანობასთან. ე.ი. უნდა განვიხილოთ საქონელი არა თავისთავად, არამედ საქონელი კაპიტალიზმში.

წიგნის მომდევნო თავებში, შევიტყობთ იმასაც, თუ რატომ იღებს ყველა სიმდიდრე ბურჟუაზიულ საზოგადოებაში საქონლის ფორმას. ეს ცოდნა კიდევ უფრო მკაფიოს გახდის საქონლით დაწყების მიზეზს – სწორედ საქონელია კაპიტალის ყველაზე ფუნდამენტური ფორმა.

capital1

ამ უფრო ფართო სურათის შესაქმნელად, უნდა დაისვას კითხვა: რა არის კაპიტალი?

მარქსის აზრით, კაპიტალი წარმოადგენს გარკვეულ საზოგადოებრივ ურთიერთობას. კერძოდ, ურთიერთობას ბურჟუაზიული საზოგადოების ორ კლასს – კაპიტალისტებსა და მშრომელთა კლასს – შორის. შესაბამისად, თუ კაპიტალი წარმოადგენს კლასობრივი ბრძოლის დინამიკას, მსჯელობა უნდა დავიწყოთ ამ ბრძოლის ყველაზე მარტივი თვისებებიდან.

რის წინააღმდეგ იბრძვის მშრომელთა კლასი?

მშრომელთა კლასი იბრძვის იმ მდგომარეობის წინააღმდეგ, რომელშიც ადამიანთა უმეტესობა – თავად მშრომელთა კლასი – იძულებულია გაყიდოს თავისი ცხოვრების ნაწილი სამუშაო ძალად (საქონლად), რათა გადარჩეს და მიიღოს სიმდიდრის გარკვეული ოდენობა. სხვაგვარად, მოსახლეობის უმეტესობა იძულებულია იმუშაოს, რომ არ მოკვდეს შიმშილით. შეიძლება ვთქვათ, რომ კაპიტალისტური კლასი ასაქონლებს მშრომელთა კლასის შრომას, რადგან შრომა იქცევა ისეთ რამედ, რაც იცვლება და იყიდება ბაზარზე.

კაპიტალისტური კლასი ქმნის და ინარჩუნებს ამ იძულების მექანიზმს საზოგადოებრივი სიმდიდრის წარმოების ყველა საშუალებაზე დაპატრონებით. ამ პროცესის ისტორიას – რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითზე – მარქსი აღწერს წიგნის ბოლო თავში. იძულებითი შრომა/შრომის გასაქონლება საზოგადოების მოწყობის და მისი კონტროლის ქვაკუთხედად იქცევა. იქმნება მშრომელთა კლასი – კლასი, რომელიც იძულებულია მიყიდოს საკუთარი შრომა მათ, ვინც ფლობს წარმოების საშუალებებს.

თუმცა, გარკვეულწილად პარადოქსულად ჟღერს განმარტება, რომლის მიხედვითაც კაპიტალი წარმოადგენს ბრძოლას კაპიტალსა და მშრომელთა კლასს შორის. როგორ შეიძლება რაიმე იყოს ბრძოლა თავის თავსა და რაღაც სხვას შორის? საქმე ის არის, რომ მშრომელთა კლასი, რომელიც შრომობს კაპიტალისთვის, არ წარმოადგენს „რაღაც სხვას“ – ის არსებობს როგორც სამუშაო ძალა თავად კაპიტალში.

ამით არ უნდა დავასკვნათ, რომ კაპიტალი ერთსა და იმავე დროს მთლიანობაც არის და ნაწილიც. ის ყოველთვის მთლიანობაა. სწორედ აქ არის მშრომელთა კლასის მდგომარეობის განსაკუთრებული სირთულე – ის უპირისპირდება მთლიანობას, რომლის განუყოფელ ნაწილს თავადვე წარმოადგენს.

წიგნში „წმინდა ოჯახი“ (1845) მარქსი და ენგელსი წერენ:

„პროლეტარიატი [მშრომელთა კლასი] და სიმდიდრე ერთმანეთის საპირისპიროებს წარმოადგენენ; როგორც ასეთები, ისინი ქმნიან მთლიანობას. ორივე კერძო საკუთრების სამყაროს პირმშოა…

კერძო საკუთრება, როგორც კერძო საკუთრება, როგორც სიმდიდრე იძულებულია შეინარჩუნოს საკუთარი თავი და მისი საწინააღმდეგოც – პროლეტარიატი…

პროლეტარიატი კი პირიქით, იძულებულია, როგორც პროლეტარიატმა, მოსპოს საკუთარი თავი და შესაბამისად, მისი საწინააღმდეგოც – კერძო საკუთრება – რომელიც განაპირობებს მის არსებობას და აქცევს მას პროლეტარიატად…“

მოკლედ, კაპიტალი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც გასაქონლების მეშვეობით იძულებაზე დაფუძნებული სოციალური სისტემა.

წარმოების საშუალებები, ფული, მოგება და სხვა არ არის კაპიტალი. ისინი წარმოადგენენ მომენტებს ამ სოციალური ურთიერთობის ორგანიზებაში, მაგრამ არა თავად ურთიერთობას. კაპიტალი, როგორც ბრუნვადი და კვლავწარმოებადი ურთიერთობების მთლიანობა, შეიცავს ამ ცალკეულ ასპექტებს.

capital 2

M – (Money) ფული                                                                    C – (Commodity) საქონელი

MP – (Means of Production) წარმოების საშუალებები      LP – (Labor Power) სამუშაო ძალა

P – (Production) წარმოება                                                         C1 – (Commodity Capital) სასაქონლო კაპიტალი

M1 – (Revenue) შემოსავალი

მოცემული ფორმულა შეგვიძლია გავიგოთ როგორც კაპიტალი (მთლიანობა) და ყოველი აღმნიშვნელი (M, C, P, და ა.შ.) როგორც მისი შემადგენელი ასპექტები. ტირეები წარმოადგენს გაცვლით ურთიერთობებს, ხოლო წერტილები წარმოებით ურთიერთობებს.

ე.ი. ფული (M) ყიდულობს საქონელს (C), რომელიც გამოიყენება წარმოებაში (MP და LP), რითიც ვიღებთ სასაქონლო კაპიტალს. ხოლო სასაქონლო კაპიტალისგან, კაპიტალისტი იღებს შემოსავალს (M1), რაც შეადგენს მის მოგებას (M1-M).

მაგალითად, კაპიტალისტი ფულით იყიდის ტყავს. შემდეგ, ამ ტყავს ქარხნული წესით დაამუშავებენ მშრომელები და აწარმოებენ ტყავის ფეხსაცმელებს. კაპიტალისტი გაყიდის ამ ფეხსაცმელებს და მიიღებს შემოსავალს.

თუ საქონელი, როგორც კაპიტალისტური ურთიერთობების ელემენტარული ფორმა, განსაზღვრავს იმ იძულების მდგომარეობას, რომელშიც ადამიანების უმრავლესობამ უნდა გაყიდოს თავისი სამუშაო ძალა საკუთარი თავის და ოჯახის სარჩენად, მაშინ – მათი შრომის პროდუქტებმაც უნდა მიიღონ საქონლის ფორმა, რათა ისინი მიყიდონ მშრომელთა კლასს.

შესაბამისად, საქონელი არ არის აპოლიტიკური კონცეპტი. კაპიტალისთვის, გასაქონლების შესაძლებლობა წარმოადგენს საკუთარი თავის – თავად სისტემის – შენარჩუნების შესაძლებლობას. სისტემისა, რომელშიც უმრავლესობის სიცოცხლე გადაიქცვეა სამუშაო ძალად.

აქ უნდა შემოვიტანოთ მნიშვნელოვანი გაყოფა. სამუშაო ძალა არ ნიშნავს აუცილებლად მშრომელთა კლასს. როდესაც მშრომელთა კლასი ემსახურება კაპიტალს, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი, ის წარმოადგენს სამუშაო ძალას. მარქსი გამოყოფს მშრომელთა კლასს თავისთავად და მშრომელთა კლასს თავისთვის (Klasse an sich და Klasse für sich).

მშრომელთა კლასი თავისთავად არის იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც იძულებულნი არიან მიყიდონ თავისი სამუშაო ძალა კაპიტალს და შესაბამისად, წარმოადგენდნენ სამუშაო ძალას. მათი მნიშვნელობა გამოიყვანება კაპიტალიზმის თავისებურებებიდან.

მშრომელთა კლასი თავისთვის არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხსენებული ადამიანები იაზრებენ საკუთარ მდგომარეობას და ებმევიან პოლიტიკურ ბრძოლაში მათი ცხოვრების სამუშაო ძალად ქცევის წინააღმდეგ.

ეს დაყოფა შემდგომში არაერთი მარქსისტი ავტორის კრიტიკის საგნად იქცევა. მაგალითად, ნიკოს პულანცასი თავის წიგნში „კლასები თანამედროვე კაპიტალიზმში“ (1974) წერს: „ეს შეცდომა [დაყოფა ეკონომიკურ სტრუქტურასა და კლასობრივ ბრძოლას შორის] დღეს ხშირად იღებს დაყოფის ფორმას „(ეკონომიკურ) კლასობრივ სიტუაციასა“ და პოლიტიკურ-იდეოლოგიურ კლასობრივ პოზიციას შორის. საფუძველშივე, სტრუქტურული კლასობრივი განსაზღვრულობა შეიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ კლასობრივ ბრძოლას…“ თუმცა, გრძელი გადახვევის თავიდან ასაცილებლად, დავჯერდეთ თავდაპირველ დაყოფას.

ე.ი. პარადოქსულად (ან იქნებ დიალექტიკურად), მშრომელთა კლასი მხოლოდ მაშინ წარმოადგენს მართლაც მშრომელთა კლასს, როდესაც ის იბრძვის საკუთარი თავის, როგორც მშრომელთა კლასის გასანადგურებლად.

მაგალითად, როდესაც ტყიბულელი მაღაროელები, ან იოლის კონსულტანტები ითხოვენ ხელფასის გაზრდას, ისინი ითხოვენ იმას, რომ ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი დამსაქმებელზე, ე.ი. კაპიტალთან მათი იძულებითი კავშირის შემსუბუქებას – თავიანთი ცხოვრების გასაქონლების ხარისხის შემცირებას. სწორედ მაშინ წარმოადგენენ ისინი მშრომელთა კლასს თავისთვის – მშრომელთა კლასს მისი პოლიტიკური გაგებით.

ახლა, როდესაც მეტნაკლებად გვესმის საქონელი მისი განვითარების პოლიტიკურ დინამიკაში, შეგვიძლია დავიწყოთ მისი დეტალური ანალიზი.

საქონლის ორადი ხასიათი

ყველა საქონელს – ადამიანების შრომით შექმნილ სასარგებლო ნივთს, რომელიც ბაზარზე იყიდება – ორადი ხასიათი აქვს. მათ ერთდროულად აქვთ როგორც სახმარი, ასევე საცვლელი ღირებულება. (იხ. კაპიტალის პირველი თავის სტრუქტურის დიაგრამის პირველი ნაწილი).

capital 3

ნივთის სახმარი ღირებულება მომდინარეობს მისი სარგებლიანობისგან. დანას აქვს სახმარი ღირებულება, რადგან მისი მოხმარებით, შესაძლებელია პურის დაჭრა. სარგებლიანობა მომდინარეობს ნივთის სხეულისგან – „საქონლის სხეული, როგორც მაგალითად, რკინა, ხორბალი, ალმასი და ა.შ., თვით არის სახმარი ღირებულება, ანუ დოვლათი“ (მარქსი, გვ 50)

დანას ასევე აქვს საცვლელი ღირებულება. ე.ი. შესაძლებელია მისი გაცვლა სხვა რამეში.

საცვლელი ღირებულება წარმოადგენს ნივთის რაოდენობრივ თანაფარდობას სხვა ნივთთან მიმართებით. ე.ი. საცვლელი ღირებულება აღნიშნავს იმას, თუ რამდენად ღირებულია ერთი ნივთი მეორესთან შედარებით.

მაგრამ, საქონლის სახმარი და საცვლელი ღირებულებები არ უნდა გავიგოთ ამ ნივთის უბრალოდ ორ სხვადასხვა ასპექტად. ისინი საქონლის ურთიერთსაწინააღმდეგო თავისებურებებს წარმოადგენენ.

საქონელს აქვს სახმარი ღირებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას უშუალოდ იყენებენ და ამ თვალსაზრისით ადგება პატრონს. საცვლელი ღირებულება კი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ის გამოიყენება არა უშუალოდ დანიშნულებისამებრ, არამედ მისი გაცვლის მეშვეობით, სხვა რამის მოსაპოვებლად.

მაგალითად, თუ დანას ვიყენებთ პურის დაჭრაში, ვახორციელებთ მის სახმარ ღირებულებას. ამ დროს, არ ხორციელდება მისი საცვლელი ღირებულება. მაგრამ, თუ მას ვცვლით სხვა რამეში, ვახორციელებთ მის საცვლელ ღირებულებას და შესაბამისად, არ ხორციელდება სახმარი.

აქედან გამომდინარე, ეს ორი არამხოლოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, არამედ ერთმანეთის საპირისპიროს წარმოადგენს. საქონელი ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგოს ერთიანობაა. ურთიერთსაწინააღმდეგოთა ერთიანობის პარადოქსულ მდგომარეობას მარქსი უფრო ვრცლად ეხება წიგნში „პოლიტიკური ეკონომიკის კრიტიკისათვის“ (1859).

თუმცა, მანამ, სანამ სასარგებლო ნივთი გაიყიდება და მას მოიხმარენ, მისი სახმარი და საცვლელი ღირებულებები მხოლოდ აბსტრაქტულად, პოტენციურ ფორმაში გვაქვს მოცემული. (ღირებულების სრულყოფილ მნიშვნელობას წიგნის მეორე და მესამე თავებში გავიგებთ).

ამ პოტენციურ მდგომარეობას ხორცი ესხმება ნივთის ბრუნვაში: როდესაც ნივთი გაიყიდება, ე.ი. გაიცვლება ფულზე (C-M), ხორციელდება მისი საცვლელი ღირებულება. ამ ღირებულების გამომხატველი ფორმა კი ფულია. ხოლო როდესაც ეს ფული იხარჯება სხვა საქონლის ყიდვაში, რომელიც შემდეგ მოიხმარება (M-C) ამ ნივთის საცვლელი ღირებულება ისევ იქცევა სახმარ ღირებულებად.

ამ ბრუნვის უკეთ ჩვენებისთვის – ბრუნვისა, რომელშიც საქონლის სახმარი და საცვლელი ღირებულება ერთმანეთს ანაცვლებს –  მარქსი იყენებს რკინას, ხორბალს, ტილოს და ა.შ. ეს მის ეპოქაში საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარი საქონელი იყო. ჩვენს მსჯელობაში ჯობს გამოვიყენოთ ის საქონელი, რომელიც დღევანდელობაში თამაშობს მთავარ როლს. კერძოდ: სამუშაო ძალა და საკვები.

უკვე ვიცით, რომ სამუშაო ძალა საქონელია, რადგან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მოსახლეობის უმრავლესობა იძულებულია გაყიდოს თავისი სამუშაო ძალა, რათა მიიღოს გადარჩენისთვის საჭირო საშუალებები. სამუშაო ძალას, როგორც საქონელს, აქვს სახმარი ღირებულება. ის მდგომარეობს სამუშაო ძალის უნარში იმუშაოს და აწარმოოს ღირებულება და ზედმეტი ღირებულება (კაპიტალისტის მოგება).

სამუშაო ძალის, როგორც საქონლის საცვლელ ღირებულებას კი წარმოადგენს ის, რასაც მშრომელთა კლასი იღებს თავისი სამუშაო ძალის გაყიდვით.

სამუშაო ძალის საცვლელი და სახმარი ღირებულებები ერთმანეთის ურთიერთსაპირისპიროებს წარმოადგენენ, რადგან მშრომელთა კლასისთვის, მათ სამუშაო ძალას მხოლოდ საცვლელი ღირებულება აქვს. მათ შეუძლიათ მისი გაყიდვა, მაგრამ ვერ მოიხმარენ თავად, ვინაიდან არ ფლობენ წარმოების საშუალებებს – ქარხნებს, დანადგარებს და ა.შ. სახმარი ღირებულება კი სამუშაო ძალას მხოლოდ კაპიტალისტებისთვის აქვს, რადგან მათ შეუძლიათ იყიდონ ის და მოიხმარონ სათავისოდ.

განვიხილოთ ამ მეთოდით საკვები: საქართველოში მოხმარებული საკვების დიდ ნაწილს აწარმოებენ მსხვილი კორპორაციები. მაგალითად, კომპანია „ნიკორა“ აწარმოებს მრავალგვარ ხორცპროდუქტს. როდესაც მათი სოსისი უკვე თეფშზე გვიდევს, ღორის ხორცთან და ქონთან ერთად, ის შეიცავს ქართველი მშრომელების აუნაზღაურებელ შრომას. საკვების სახმარი ღირებულება მის ნოყიერებაში და გემოში მდგომარეობს. საცვლელი ღირებულება კი იმ ფულში, რომელსაც „ნიკორა“ მოგების სახით იღებს.

როგორც სამუშაო ძალის და ზოგადად, ყველა სახის საქონლის შემთხვევაშია, საკვების, როგორც საქონლის ორადი ხასიათიც გაცვლაში – ბრუნვაში – ხორციელდება.

მაგრამ, საცვლელი და სახმარი ღირებულებები არ არის უბრალო აბსტრაქტული კატეგორიები. მათი ურთიერთსაპირისპირო განლაგება მთლიანობაში და წინააღმდეგობრივი ხასიათი გვაჩვენებს ზოგადად კლასთა წინააღმდეგობრივ ხასიათს ბურჟუაზიულ საზოგადოებაში. სახმარი და საცვლელი ღირებულებები ისევე არიან ერთამენეთთან დაპირისპირებულნი საქონლის წინააღმდეგობრივ მთლიანობაში, როგორც მშრომელთა კლასი და კაპიტალისტები კაპიტალიზმის წინააღმდეგობრივ მთლიანობაში. სათითაოდ, ისინი უპირისპირდებიან ერთმანეთს და ამავდროულად, არსებობენ როგორც ასეთები მხოლოდ ამ ურთიერთობაში (დაპირისპირებაში).

შეიძლება ითქვას, რომ საქონლის სახმარი ღირებულება შეესაბამება მშრომელთა კლასს – მშრომელები განიხილავენ საქონელს მისი უშუალო სარგებლიანობის თვალსაზრისით. ხოლო საცვლელი ღირებულება შეესაბამება კაპიტალისტებს, ვინაიდან ისინი საქონელს, პირველ რიგში, მისი მომგებიანობით აფასებენ.

ამგვარად, შეგვიძლია დავინახოთ ის, თუ როგორ და რამდენად გამოხატავენ სახმარი და საცვლელი ღირებულებები კლასობრივი საზოგადოების ბუნებას. ამის შემდეგ, მარქსი გადადის საქონლის თვისებრივი და რაოდენობრივი მხარეების ანალიზზე.

საქონლის თვისობრივი და რაოდენობრივი მხარეები 

ყველა სასარგებლო ნივთი – რკინა, ქაღალდი თუ სხვა – შეგვიძლია განვიხილოთ ორნაირად: თვისებრივი და რაოდენობრივი თვალსაზრისით. (იხ. კაპიტალის პირველი თავის სტრუქტურის დიაგრამის მომდევნო ნაწილი).

capital 4

სახმარი ღირებულების თვისობრივი განსაზღვრება გამოიხატება მისი ატრიბუტებით. მაგალითად, წონა, სუნი და ა.შ. რაოდენობრივი განსაზღვრება გამოიხატება სიდიდითა და ზომით – სანტიმეტრი, კილო და ა.შ. მოგვიანებით აღმოვაჩენთ, რომ თვისობრივი ატრიბუტების უკან დგას სასარგებლო კონკრეტული შრომა, რომელმაც აწარმოა ისინი, ხოლო რაოდენობის უკან, უშუალო სამუშაო დრო, რომელიც მათ წარმოებაში დაიხარჯა.

სახმარი და საცვლელი ღირებულებების მსგავსად, არც თვისობრივი და რაოდენობრივი განმსაზღვრელები წარმოადგენენ აბსტრაქტულ კატეგორიებს. ისინიც იმყოფებიან წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და გამოხატავენ კლასთა წინააღმდეგობას კაპიტალისტურ საზოგადოებაში.

სახმარი ღირებულების შემთხვევაში, პირველადი მნიშვნელობა თვისობრივობას ენიჭება. იმისთვის, რომ გვქონდეს რაოდენობა, გვჭირდება რაღაც, რის რაოდენობასაც დავითვლიდით. ე.ი. გვჭირდება გარკვეულ თვისებათა ერთობლიობა. სანამ ვილაპარაკებდეთ თერთმეტ ბროშურაზე ან სამ წიგნზე, გააზრებული უნდა გვქონდეს ის თვისებები, რომლებიც აქცევს ბროშურას ბროშურად და წიგნს წიგნად. ამავდროულად, ვერ ვისაუბრებთ ბროშურაზე ან წიგნზე თუ არ გვექნება მოცემული გარკვეული რაოდენობა. შესაბამისად, რაოდენობის საზომს წარმოადგენს თვისობრიობისა და რაოდენობრივობის კონკრეტული ერთიანობა.   

უფრო მკაფიო სურათისთვის, გავიხსენოთ განმსაზღვრელების შესაბამისობები კლასებთან და კლასობრივ ინტერესებთან. თვისობრივი და რაოდენობრივი განმსაზღვრელების შემთხვევაში, პირველი შეესაბამება მშრომელთა კლასს – მშრომელებისთვის, უპირველესყოვლისა, მნიშვნელოვანია გარკვეული რაღაცების ქონა. მაგალითად, სახლის, საკვების ან ფეხსაცმლის. რაოდენობრივი ასპექტი აქ მეორად როლს ასრულებს. კაპიტალს კი შეესაბამება რაოდენობრიობა. მსხვილ კორპორაციას უფრო ნაკლებად აინტერესებს მისი პროდუქტის რაობა, ვიდრე მათი რაოდენობა და მოგების მოტანის უნარი. კაპიტალისთვის უფრო მნიშვნელოვანია სახლების რაოდენობა, ვიდრე სახლის თავისებურებები. კაპიტალის მთავარი კითხვაა რამდენი? და არა როგორი?  ამას შეგვიძლია კლასობრივი ინტერესი ვუწოდოთ.

მას შემდეგ, რაც გავიაზრებთ იმას, თუ რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს საქონლის რაოდენობრივ და თვისობრივ მხარეებს კლასობრივ ბრძოლაში მშრომელებსა და კაპიტალს შორის და როგორ შეიძლება იყენებდეს მათ თითოეული კლასი, მსჯელობაში უნდა შემოვიტანოთ აბსტრაქტული შრომის საკითხი.

აბსტრაქტული შრომა

უკვე ვიცით, რომ საქონელს აქვს საცვლელი ღირებულება, რომელიც აღნიშნავს მის ღირებულებას სხვა საქონელთან მიმართებაში. თუმცა, მარქსი მიგვანიშნებს, რომ საცვლელი ღირებულების უკან დგას ღირებულება როგორც ასეთი. როგორ მივდივართ ამ დასკვნამდე?

იმისთვის, რომ ერთი საქონელი გავცვალოთ მეორეში, უნდა ვიპოვოთ მათში რაღაც საერთო, რაც თანაბრად გვაქვს მოცემული როგორც ერთში, ასევე მეორეში. მაგალითად, რა განსაზღვრავს 1 კვარტერი ხორბლის და a ცენტნერი რკინის ღირებულებების ტოლობას?

ისევდაისევ, სანამ შევადარებთ ამ ორი საქონლის რაოდენობას, უნდა ვიცოდეთ მათი თვისებრიობა, ე.ი. ის, თუ რას ვადარებთ ერთმანეთს. სწორედ მათი თვისებრიობა ხდის შესაძლებელს მათ შედარებასა და საბოლოოდ, გაცვლას. აქ უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ რა განსახვავებს მათ ერთმანეთისგან. მარქსი წერს:

„როგორც სახმარი ღირებულება, საქონელი, უწინარეს ყოვლისა, სხვადასხვა თვისებრიობის მქონეა. როგორც საცვლელი ღირებულება, იგი შეიძლება იყოს მხოლოდ სხვადასხვა რაოდენობის მქონე.“ (მარქსი, გვ 51)

აქ ის გულისხმობს, რომ ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა რაოდენობას ერთი და იგივე თვისებრიობისა.

მაგრამ, როდესაც ვივიწყებთ ამ საქონლების სახმარ ღირებულებას, ასევე ვივიწყებთ მათ კონკრეტულ თავისებურებებს. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს იმ ადამიანური შრომის კონკრეტული თავისებურებების დავიწყებას, რომელმაც აწარმოა ეს საქონელი და განსხვავებულად აქცია ის. ამ შემთხვევაში, გარკვეული რაოდენობის ხორბლისა და რკინის გაცვლისას, ვივიწყებთ ხორბლის მოყვანის და რკინის გადადუღების თავისებურებებს. ასეთი მიდგომით ეს საქონლები უკვე აღარ წარმოადგენენ სასარგებლო შრომის კონკრეტული სახეობების  პროდუქტებს – ისინი უბრალოდ შრომის პროდუქტები არიან. მარქსი ამას აბსტრაქტულ შრომას უწოდებს. როგორც აბსტრაქტული შრომის პროდუქტები, ისინი თვისობრივად ერთმანეთის ექვივალენტები ხდებიან და მარქსი მათ უბრალოდ ღირებულებებად მოიხსენიებს.

როდესაც ვამბობთ, რომ რაიმე წარმოადგენს ღირებულებას, უბრალოდ ავღნიშნავთ, რომ ის აბსტრაქტული შრომის პროდუქტია. სხვანაირად რომ ვთქვათ, აბსტრაქტული შრომა ღირებულების სუბსტანციაა – მისი არსებითი თვისება.

capital 5

ამგვარად, ვიგებთ იმას, თუ რა წარმოადგენს ღირებულების ფუძეს, სუბსტანციას, მის არსებით თვისებას. მაგრამ, რა არის ღირებულების საზომი? აქ ვადგებით საზოგადოებრივად აუცილებელი სამუშაო დროის საკითხს.

საზოგადოებრივად აუცილებელი სამუშაო დრო

თუ საქონლის ღირებულებას მისი გაცვლისას ვადგენთ მის დამზადებაში დახარჯული აბსტრაქტული შრომის ოდენობით, თავად ამ ოდენობას საზოგადოებრივად აუცილებელი სამუშაო დროით ვზომავთ.

ეს დრო გულისხმობს არა ინდივიდის მიერ რაიმე სახმარი ღირებულების დამზადებისთვის საჭირო დროს, არამედ – სამუშაო დროის იმ რაოდენობას, რომელიც ჭირდება საშუალო უნარების და მწარმოებლური ძალის მქონე – საშუალო მწარმოებლური ძალის იარაღებით მომუშავე – მშრომელს საქონლის დასამზადებლად.

მაგალითად, თუ საშუალო უნარების მქონე მკერავს სჭირდება ერთი საათი ერთი პიჯაკის დასამზადებლად და ნაკლებგანვითარებული უნარების მქონე მკერავი იგივე პიჯაკს ოთხ საათში ამზადებს – მაშინ, საზოგადოებრივად აუცილებელი სამუშაო დროის თვალსაზრისით, ეს უკანასკნელი ერთი საათის ღირებულებას ქმნის. მის მიერ შრომაში დახარჯული თითოეული საათი კი ამ პიჯაკის ღირებულების მეოთხედს ქმნის.

ზოგადად, საზოგადოებრივად აუცილებელი სამუშაო დრო გულისხმობს საქონლის საწარმოებლად საჭირო საშუალო დროს კონკრეტულ დროსა და ადგილას, რომელიც შეიძება შეიცვალოს დროისა და ადგილის მიხედვით.

Share on Facebook129Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.