განათლება და მეცნიერება

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

განათლება და მეცნიერება

ბოლო წლებში საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მდგომარეობა, მისი შემდგომი განვითარების გზები და პერსპექტივა ცხარე მსჯელობასა და კამათს იწვევს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემას. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოიძებნოს პასუხი შეკითხვაზე: რა არის განათლება – ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება თუ გლობალური ბაზრის პროდუქტი, რომელიც შეიძლება ყველასათვის ხელმისაწვდომი არც იყოს.
გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) 1999  წლის ანგარიში გამაფრთხილებელ ცნობას ავრცელებს: `როცა ბაზარი საკმარისზე შორს მიდის სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებზე გავლენის თვალსაზრისით, გლობალიზაციის სარგებელი არათანაბრად და არაადეკვატურად ნაწილდება. ის თავს იყრის ცალკეული ადამიანების, ერებისა და კორპორაციების ხელში და იწვევს დანარჩენთა მარგინალიზებას” მოსახლეობის მარგინალიზაციის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი კი განათლების დონის დაქვეითებაა. შესაბამისად, თუკი რომელიმე სახელმწიფოს აქვს იმის პრეტენზია, რომ მოწინავე ქვეყნების კოჰორტას შეუერთდეს, მან განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ამ სფეროს, აგრეთვე იზრუნოს მეცნიერების იმ მიმართულებების დაფუძნება-განვითარებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეკონომიკურ წინსვლას, სტაბილური სოციალური გარემოს შექმნას და ერის ეთნიკურ-კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
საბჭოთა ეპოქის დასასრულისათვის, მეოცე საუკუნის 80-იან წლების ბოლოს, უკვე სრულიად აშკარა იყო, რომ საქართველოში იმ დროს არსებული განათლებისა და მეცნიერების სისტემა სერიოზულ გარდაქმნას საჭიროებდა.
საბუნებისმეტყველო და ტექნიკური დარგების უმეტესობა, ისევე როგორც საბჭოური იდეოლოგიის პროკრუსტეს სარეცელში მოქცეული საზოგადოებრივი მეცნიერებები, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ მსოფლიო დონეს; დეგრადაციას განიცდიდა, აგრეთვე, საშუალო განათლების სისტემა, რადგან სწავლების მეთოდები, პროგრამები, პედაგოგთა კვალიფიკაცია და ა.შ. უკვე მაშინ არ შეესაბამებოდნენ დროის მოთხოვნებს. ლოგიკურად, ახალი, დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროს საკითხს ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უნდა დაეკავებინა. სამწუხაროდ,იმ პერიოდში არ არსებობდა დარგის განვითარების ზოგადი მონახაზიც კი (რომ აღარაფერი ვთქვათ მეტნაკლებად გააზრებულ სტრატეგიაზე). ძალიან მალე, დაწყებულმა სამოქალაქო დაპირისპირებამ, შემდგომ კი სამხედრო კონფლიქტმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ამ საკითხზე ფიქრი და მსჯელობა დიდი ხნით მიაჩუმეს. ხელისუფლებამ ამისთვის მხოლოდ ე.წ. `შევარდნაძის ეპოქის~ ბოლო პერიოდში მოიცალა. მაშინ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გადაიდგა პირველი ნაბიჯები – შემუშავდა რეფორმის ეტაპობრივი განხორციელების გეგმა და შესაბამისი დაფინანსებაც გამოიყო. ამ გეგმის ავ-კარგობაზე მსჯელობას დღეს აზრი არა აქვს, რადგან იგი ქაღალდზე დარჩა. ახალმა, ელვისებური    გამარჯვებების ჟინით შეპყრობილმა ხელისუფლებამ მისგან მხოლოდ ცალკეული ელემენტები აიღო, ქვეყნის ვესტერნიზაციის საკუთარი კონცეფციის შესაბამისად გადაასხვაფერა და რკინის ხელით დაიწყო დარგის `მოდერნიზაცია~. რეალურად, ამ `რევოლუციური გარდაქმნების~ ნუსხიდან მეტნაკლებად წარმატებული სააბიტურიენტო ე.წ. `ეროვნული~ გამოცდების ახალი სისტემა გამოდგა. მასაც, ნაჩქარევად დანერგვის გამო. ბევრი ხარვეზი ახლდა (ამ ხარვეზებს გზადაგზა ასწორებდნენ). ბევრ სხვა საკითხში კი, როგორც ეს ხშირად ხდება, რევოლუციურ გარღვევას უკუქცევა მოჰყვა. განსაკუთრებით ეს საშუალო განათლების სფეროში გამოჩნდა, მაგრამ ამაზე უფრო დაწვრილებით ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.
მიუხედავად ხმაურიანი, პროპაგანდისტული განცხადებებისა, აშკარად ჩანს, რომ განათლება და მეცნიერება დღეს ხელისუფლების გერის როლში იმყოფება; თანაც ისეთი გერისა, რომელსაც მორჩენილი ლუკმის მიწვდის სანაცვლოდ ერთგულ სამსახურსა და უსიტყვო მორჩილებას თხოვენ.
ამას ნათლად ადასტურებს როგორც ხელისუფლების საფინანსო პოლიტიკა, ისე დარგის მართვის მეთოდები და პრაქტიკა. ჩვენი საუბარი რომ უფრო კონკრეტული იყოს, აუცილებელია დასაწყისშივე ზოგიერთ სტატისტიკურ მონაცემს გადავხედოთ.
2011 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, განათლებაზე და მეცნიერებაზე გამოყოფილია 550,8 მილიონი ლარი (2 მილიონით ნაკლები, ვიდრე შარშანდელ 2010 წელს). ეს საბიუჯეტო ასიგნებათა 7,75%-ს შეადგენს. აქედან საშუალო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის გათვალისწინებულია 326,1 მლნ (4,6%), პროფესიული განათლების ცენტრებისათვის 6,3 მილიონი (0,09%), უმაღლესი განათლებისთვის 59,8 მილიონი (0,84%) მეცნიერების განვითარებისათვის 30,7 მილიონი ლარი (0,43%). საკუთრივ განათლებაზე გაღებულ ხარჯებს თუ მოსახლეობის სულადობაზე გადავიანგარიშებთ, გამოგვივა, რომ იგი საქართველოში მაცხოვრებელ ერთ ადამიანზე დაახლოებით 65 აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ბულგარეთში ეს მაჩვენებელი 520 დოლარამდე აღწევს, სხვა ქვეყნებში კი ასეთი მდგომარეობა გვაქვს: სლოვაკეთი –  700 აშშ დოლარი, უნგრეთი და პოლონეთი –  1000-1000, ლიტვა და ლატვია –  1100-1100, ესტონეთი და იტალია – 1400- 1400, საფრანგეთი –  2000, დიდი ბრიტანეთი – 2300, შვედეთი – 2600, ნორვეგია – 2800, ლუქსემბურგი – 3600 დოლარი. რა თქმა უნდა, საქართველო ჩამორჩება ყველა ამ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების დონით, მაგრამ განათლებაზე გაღებული ხარჯები ორჯერ და მეტად ნაკლებია ეკონომიკურ ჩამორჩენაზე, მაშასადამე, ქვეყნის ხელისუფლებას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მინიმუმ ორჯერ გაზარდოს განათლების დაფინანსება, მაგრამ არ აკეთებს ამას, რადგან პრიორიტეტს სხვა დარგებს ანიჭებს.
`ვარდების რევოლუციის~ გზით ქვეყნის სათავეში მოსულ მმართველ ელიტას თავიდანვე არ დაუმალავს, რომ იგი არ აპირებდა დარგის შენახვის ტვირთვის მარტო საკუთარ მხრებზე აკიდებას და მტკიცედ ჰქონდა განზრახული მისი მოსახლეობისათვის `გადანაწილება~. ყველამ ვიცით, თუ რა ადგილი უკავია ქართველი კაცის ფასეულობათა სისტემაში განათლებას, ამიტომ ეს კარგად გამოუვიდათ.
მოსახლეობის მიერ საგანმანათლებლო მომსახურებაზე გაღებული ხარჯების ზუსტად დადგენისათვის, აუცილებელია სპეციალური კვლევის ჩატარება, მაგრამ ზოგი რამ ამის გარეშეც თვალნათლივ ჩანს. ბოლო წლებში ფასიანი სექტორის გაფართოვების გამო, მოქალაქეთა აღრიცხულმა ხარჯებმა 300-350 მილიონ ლარს მიაღწია (უმაღლესი განათლება 180-200 მლნ, საშუალო სკოლა 60-80 მილიონი). ამას თუ აღურიცხავ ხარჯებსაც (რეპეტიტორების ანაზღაურება, სწავლა უცხოეთში და ა.შ.) დავამატებთ, აშკარა გახდება, რომ საგანმანათლებლო სისტემის დაფინანსებაში მოსახლეობის წილი დაახლოებით ნახევარს შეადგენს. ყველამ ვიცით, თუ რა მძიმე მსხვერპლს იღებენ ეკონომიურად შეჭირვებული ადამიანები, რომ შვილებს ასწავლონ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს `განწირული სულისკვეთება~ საქმეს ვერ შველის, რადგან რეალურად, დღეს საქართველოს განათლების სისტემა მსოფლიოს საშუალო სტანდარტებს სჭარბობს მხოლოდ სიძვირით, სხვა ყველა მონაცემით კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. იგი არასრულყოფილი და ქაოტურია, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ელემენტებს, რადგან დეკლარირებული ინოვაციებისაკენ სწრაფვა და დემოკრატიზაცია ფაქტობრივად შეუთავსებელია ხელისუფლების `მომჭირნე~ საფინანსო პოლიტიკასთან და აშკარა სურვილთან, რომ მართვის სადავეები ხელიდან არ გაუშვას.
ახლა ვნახოთ თუ რა გავლენას ახდენს ეს კოლიზია განათლების ცალკეულ სფეროებზე.
საშუალო განათლება
2003 წლის შემდეგ საშუალო სკოლაში დაწყებული `რეფორმების~ ორი ყველაზე ფართოდ გახმაურებული ნაბიჯი ე.წ `ოპტიმიზაცია~ და დაფინანსების ვაუჩერული სისტემის შემოღება იყო. ამ ცვლილებების ავტორთა აზრით, საბაზრო კონკურენციის პირობებში ჩაყენებული სკოლები იძულებულნი იქნებოდნენ ებრძოლათ თვითეული მოსწავლისათვის (თითოეული ვაუჩერისათვის) და ამიტომ მკვეთრად აამაღლებდნენ სწავლების ხარისხს და თუ `არაკონკურენტუნარიანი~ სასწავლო დაწესებულებები ამ პროცესს შეეწირებოდნენ, ამით არაფერი დაშავდებოდა – მოსწავლეები უკეთეს სკოლაში გადავიდოდნენ და იქ გააგრძელებდნენ სწავლას. ყველას გვახსოვს ტელეკადრები: აჭარის მაღალმთიანეთიდან ქობულეთისა და ბათუმის სკოლებში ბავშვების ჩამოსაყვანად გამწკრივებული ავტობუსები და მაშინდელი განათლების მინისტრის მიერ წარმოთქმული საზეიმო სიტყვა. პიარ აქცია წარმატებით ჩატარდა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საქმე ჩაიშალა. აღმოჩნდა, რომ შორეული სოფლებიდან მოსწავლეების ტარება სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ე.წ. `მცირეკომპლექტიანი~ სკოლების შენახვა. ამიტომ ხელი გამოიღეს და ასეთი სკოლებისთვის, ვაუჩერის გარდა, დამატებითი მცირე დაფინანსებაც გამოყვეს; მაგრამ, მდგომარეობას ამით არ ეშველა. 2004-2009 წლებში საქართველოში დაიხურა 713 საჯარო სკოლა (2003 წელს არსებული რაოდენობის 22,5 პროცენტი). მოსწავლეთა საერთო რიცხვი შემცირდა 47,4 ათასით (7%-ით) დაახლოებით 30-ათასით გაიზარდა კერძო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა კონტინგენტი. მთლიანად ამ პერიოდში კერძო სკოლების რიცხვი 156-დან 183-მდე გაიზარდა, ხოლო მათი კონტინგენტი თითქმის სამჯერ. ვფიქრობთ, ეს მონაცემები დამატებით კომენტარს არ საჭიროებს და ყველასათვის ნათელია თუ რა ეკონომიკური და სოციალური შედეგები მოყვა ხელისუფლების ნაბიჯებს.
ჩვენი დღევანდელი მსჯელობის საგანი ვერ იქნება სასწავლო პროგრამებისა თუ სახელმძღავნელოების ავ-კარგიანობა, სწავლების მეთოდები და ა.შ, რადგან ნებისმიერი პროგრამა, მეთოდი და, შესაძლოა, სასწავლო საათების განაწილებაც კი, უნდა ეფუძნებოდეს ისეთ საგანმანათლებლო კონცეფციას, რომელიც საზოგადოების განვითარების ინტერესით იქნება ნაკარნახევი. ამიტომ, აუცილებელია პირველ რიგში გამოვკვეთოთ მიდგომები და სოციალური პრიორიტეტები, რომლებმაც, დარგის პოლიტიკა უნდა განსაზღვრონ.
ამ პრიორიტეტთა შორის ერთ-ერთი უპირველესი საშუალო სკოლის მასწავლებლის როლისა და სტატუსის ამაღლება გაძლიერება უნდა იყოს. დღეს პედაგოგის მდგომარეობა ძალზე დაკნინებულია და ამის საუკეთესო მაჩვენებელი არის ის სახელფასო ანაზღაურება, რომელსაც სახელმწიფო მასწავლებლისთვის იმეტებს. ამჟამად საჯარო სკოლების პედაგოგთა საშუალო ხელფასი (296,8 ლარი) ორჯერ ჩამორჩება ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა ანაზღაურებას (609,5 ლარი). იგი ათჯერ და მეტად ნაკლებია პარლამენტარების ხელფასზე (განვითარებულ ქვეყნებში იგი დეპუტატების ანაზღაურებას მხოლოდ 3-4 ჯერ ჩამორჩება), რომ აღარაფერი ვთქვათ სამინისტროების ზედა ეშელონის თანამშრომელთა ხელფასებზე. არც მომავალ წელს უნდა ველოდოთ რაიმე არსებით გარდატეხას. 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია პედაგოგთა ანაზღაურების 350 ლარამდე გაზრდას, იმ დროს როცა მანდატურების ხელფასი 687 ლარი იქნება. საყურადღებოა ისიც, რომ ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს სერთიფიცირებული პედაგოგებისთვის შეპირებული სახელფასო დანამატი. ამ დანამატზე დარგის მესვეურები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ძალზე ბევრს საუბრობდნენ. თანხის რაოდენობა 100 აშშ დოლარის ექვივალენტიდან 50 ლარამდე მერყეობდა. საბოლოოდ ითქვა, რომ იგი 70 ლარით განისაზღვრებოდა. ამჟამად სამინისტრო აცხადებს, რომ სერტიფიცირებული მასწავლებლები დანამატს მიიღებენ მას შემდეგ, რაც ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნის გამოცდებს ჩააბარებენ. (ამ გამოცდების პირველი ეტაპი 2011 წლის აპრილისათვის არის დანიშნული). ცხადია, რომ ამგვარი დამოკიდებულება ვერ წაახალისებს პედაგოგებს, რათა მათ თავიანთი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის იზრუნონ. მასწავლებლობის მაძიებელს ერთადერთი რეალური სტიმული რჩება. მას იმედი აქვს, რომ ამის მეშვეობით რეპეტიტორთა მრავალრიცხოვან არმიას შეუერთდება და მიზერულ ხელფასს `ერთი-ორ კაპიკს შემატებს~. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ სკოლაში ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომელთა მოწოდება სრულიადაც არ არის პედაგოგიური მოღვაწეობა და ფაქტობრივად, არ არსებობს რაიმე ბარიერი, რომელიც ამ პროცესს წინ აღუდგება.
შედარებისათვის გვინდა ვთქვათ, რომ როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში მასწავლებელთა შერჩევის და პროფესიული ზრდის საკითხებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. ასე მაგალითად, იაპონიაში სკოლაში მუშაობის დაწყების მოსურნე ადამიანმა უნდა ჩააბაროს სამი ურთულესი გამოცდა – საგნის ცოდნაში, პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და ზოგად განათლებაში (!). ევროპის სახელმწიფოთა უმეტესობაში მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მრავალსაფეხურიანი სისტემები არსებობს და კვალიფიკაციის ყოველი დონისთვის მინიმალური ხელფასი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ასე მაგალითად დიდ ბრიტანეთში ეს სისტემა ხუთსაფეხურიანია. დამწყები პედაგოგის წლიური ხელფასი 15-20 ათასი გირვანქა სტერლინგია, უმაღლესი კვალიფიკაციის ე.წ. `ლიდერი-მასწავლებლის~ ანაზღაურება კი 100 ათასი და მეტი გირვანქა სტერლინგი. გერმანიაში, დანიაში, ფინეთში და სხვ. მასწავლებლებისათვის ბევრი სოციალური შეღავათია დაწესებული (მაგ. კომუნალური მომსახურების დაგასახადებზე).
ყოველივე ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ პედაგოგიური კადრების მომზადების, შერჩევისა და პროფესიული ზრდის საკითხების მოგვარების გარეშე, შეუძლებელია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემის შექმნა. მასწავლებელი სკოლის მთავარი ღერძი და მომავალი თაობის სწავლა-აღზრდის მესაჭეა; ამიტომ საზოგადოებამ, რომელიც განვითარებაზე ფიქრობს, იგი ღირსეულად უნდა დააფასოს. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება მასწავლებლის მიმართ და მთლიანად პოლიტიკა, რომელსაც იგი საშუალო განათლების სისტემაში ატარებს, სრულიად საწინააღმდეგო ხასიათისაა. ამ პოლიტიკის მატერიალურ-ფინანსურ მხარეზე უკვე ვილაპარაკეთ. აუცილებელია, რომ რამდენიმე სიტყვით მის მეორე ასპექტზე სისტემის მართვის სტილზე და პრაქტიკაზეც ვისაუბროთ. შეიძლება ითქვას, რომ 2003 წელს ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკოსებმა ავტოკრატიული სისტემის მშენებლობა განათლების დარგის `დამორჩილებით~ დაიწყეს (ფასადური, ვითომ დემოკრატიული ცვლილებები და აგრესიული კამპანია ამას ვერ ნიღბავდა). საშუალო განათლების სისტემაში ეს მაინცდამაინც არ გაძნელებულა. რეალურად, ახალი ხელისუფლების კურსი აგრძელებდა სკოლისადმი დამოკიდებულების საბჭოურ ტრადიციას და მენტალურმა ინერციამ გაადვილა მისი გატარება. შედეგად მივიღეთ ის, რომ ზედაპირული, `დემოკრატიული~ ცვლილებები, რომლებიც პირველ წლებში განხორციელდა (მაგ., სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის კანდიდატურის დამტკიცება), დღეს გაუქმებულია და სკოლა კვლავ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის დაკვეთების შემსრულებლად იქცა. მანდატურების ინსტიტუტის შემოღებამ კიდევ უფრო დაძაბა მორალურ-ფსიქოლოგიური ატმოსფერო სასწავლო დაწესებულებებში, გააძლიერა შიში. ჩვენი აზრით, სრულიად სამართლიანად, მას პოლიციური რეჟიმის დამკვიდრების ინსტრუმენტად და სიმბოლოდ აღიქვამენ. პედაგოგებს არ უნდათ იყონ ამ რეჟიმის ნაწილი, მაგრამ იძულებულნი არიან თავი შეიკავონ აზრის საჯარო გამოთქმისაგან ოპოზიციონერისა და სახელმწიფო მოღალატის `წოდება~, რომ არ დაიმსახურონ.
ყოველივე ეს ხელს უშლის სკოლის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, განვითარებას, მოზარდი თაობის სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და თვით განათლების ჰუმანისტურ არსს ეწინააღმდეგება.

უმაღლესი განათლება
დღეს საქართველოში 128 უმაღლესი სასწავლებელია (20 სახელმწიფო და 108 კერძო), სადაც 102 700 სტუდენტი სწავლობს. ქვეყნის მოსახლეობის ყოველ 10 000 ადამიანზე მოდის 234 სტუდენტი (2003 წელს იყო 355 სტუდენტი). განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია. მაგალითად, ლატვიაში ყოველ 10 ათას მოსახლეზე 492 სტუდენტია (საქართველოზე 2,1-ჯერ მეტი). 2003 წლის მერე უმაღლესი განათლების სისტემაში დაწყებული გარდაქმნები საზოგადოებამ მეტად მტკივნეულად მიიღო. განსაკუთრებით დიდ პროტესტს იწვევდა ის, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისათვისაც კი სწავლა `ფასიანი~ გახდა. გადასახადისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ახალგაზრდები, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე (2010 წლამდე მხოლოდ უნარ-ჩვევების გამოცდაზე, ხოლო 2010 წელს ოთხივე სავალდებულო საგანში) ყველაზე მაღალი ქულები და ე.წ. `ასპროცენტიანი დაფინანსება~ მოიპოვეს. ანუ, დაფინანსების საკითხი ხისტად დაუკავშირდა მოსწრებას და არ იყო გათვალისწინებული რაიმე შეღავათი სოციალურად დაუცველი იჯახების წევრებისათვის. (გარდა ოფიციალურად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანებისა). სწავლის წლიდან წლამდე მზარდი გადასახადის შემოღებამ საფუძველი ჩაუყარა უმაღლესი განათლების მიღების ელიტისტურ პრინციპს და რეალურად შეზღუდა უამრავი ახალგაზრდის უფლება, რომ ცოდნა შეეძინა. ამასთანავე, მან კიდევ უფრო გაზარდა ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების (მაგ., იურისტი, ეკონომისტი) მიღების მსურველთა რიცხვი და დაამძიმა სხვა დარგების მდგომარეობა – ისეთებისა, რომელთა გადარჩენა – განვითარებას ეროვნული მნიშვნელობა აქვს.
თვით უმაღლეს სასწავლებლებში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები (სასწავლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების შეერთება – გამსხვილება, პროფესორ-მასწავლებელთა შტატების შემცირება და სხვ.) ხშირად მოკლებული იყო ყოველგვარ ლოგიკას, პერსპექტიულ ხედვას და ისევ და ისევ ეკონომიის მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი. შედეგად, არაერთი სასწავლო საგანი `ამოვარდა~, ზოგიერთი სპეციალობა კი საერთოდ `მოკვდა~. იმან, რომ მაგისტრატურის დაფინანსებაზე სახელმწიფომ პრაქტიკულად ხელი აიღო, მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ფუნდამენტური და ქართველოლოგიური დარგები.
დღეს, ჩვენს გაღატაკებულ ქვეყანაში, ძალიან ცოტა ისეთი ადამიანი მოიძებნება, რომელიც ასტროფიზიკის ან ქართული ფილოლოგიის განხრით მაგისტრატურაში სწავლისთვის სოლიდურ თანხას გადაიხდის და მთელ ცხოვრებას ციური სხეულების ან ძველი ხელნაწერების კვლევაში გაატარებს. ხელისუფლებამ, რომელსაც საკუთარი ქვეყნის მომავალი აღელვებს, ყველა ღონე უნდა იხმაროს, ახალგაზრდები წაახალისოს რათა ისინი ასეთ სპეციალობებს დაეუფლონ. ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებას რომ თავი დავანებოთ, შექმნილი სიტუაციის გამო, ხვალ, შეიძლება, საშულო სკოლის ქიმიის ან ისტორიის მასწავლებელი სანთლით საძებარი გაგვიხდეს.
დასაწყისიდანვე `რეფორმის მამები~ საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს გარდაქმნები ნაკარნახევია ჩვენი განათლების სისტემის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გამართვის აუცილებლობით, რომ ჩვენთან გატარებული ცვლილებები იდენტურია იმისა, რაც მოწინავე, განვითარებულ ქვეყნებში ხდება და ა.შ. მათ არასოდეს უხსენებიათ ის, რომ საქართველოში გადასახადი უფრო მაღალია, ვიდრე ევროპის ძალზე ბევრ ცნობილ უნივერსტეტში, რომ ამ კონტინენტის ბევრ ქვეყანაში (მაგ. ფინეთში, შვედეთში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და სხვ) უმაღლესი განათლება პრაქტიკულად უფასოა, რომ გერმანიის უნივერსიტეტებში დოქტორანტებს სტიპენდიას აძლევენ და ა.შ.
სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს საშუალება დაწვრილებით განვიხილოთ ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკა, რომლებსაც ისინი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ატარებენ. ვიტყვით მხოლოდ, რომ მისი მთავარი ამოცანაა `ევროპა გადაიქცეს მსოფლიოში ყველაზე დინამიურ და კონკურენტუნარიან, ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებულ სისტემად~ (ევროკავშირის 2000 წლის ლისაბონის სამიტის მასალები). ამ ამოცანის განხორციელებისათვის აუცილებელია რომ მკვეთრად ამაღლდეს შრომით ბაზარზე გამოსული ადამიანების განათლების დონე და მომავალშიც გაგრძელდეს მისი მატება. ეს გულისხმობს, რომ ქვეყნების მთავრობებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა:
ა)    სავალდებულო საშუალო განათლება გახდეს რეალურად საყოველთაო, რაც შეიძლება ნაკლებმა ბავშვმა დატოვოს სკოლა მის დამთავრებამდე.
ბ)    სულ უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს უმაღლესი განათლება. საგრძნობლად გაიზარდოს მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური სპეციალობის კურსდამთავრებულთა წილი.
ც)    მიეცეთ საშუალება ადამიანებს, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში გააგრძელონ ცოდნის სრულყოფა. ამისთვის შემუშავდეს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს (80%-ზე მეტს) მოიცავენ.
ევროპის სახელმწიფოები ამ კურსს მყარად ადგანან. 2006 წლის მონაცემებით, ევროგაერთიანების ქვეყნებში განათლების სახელმწიფო დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტის 5,05 %-ს შეადგენდა და იგი შვიდნახევარჯერ სჭარბობდა კერძო დაფინანსებას (0,67%). ამ საქმეში ლიდერობს დანია (7,98%), შვედეთი (6,85%), მალტა (6,76%), ფინეთი (6,14%). ეკონომიკურად შედარებით ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებშიც კი, როგორც ბულგარეთი და საბერძნეთია ეს რიცხვი 4,24% და 4, 00%-ს შეადგენს. საქარველოში კი ეს მაჩვენებელი 1,75%-ია. ალბათ ჯობს, რომ აქ ვრცელი კომენტარისაგან თავი შევიკაოთ. ისედაც აშკარაა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კურსი სრულიად განსხვავდება იმ გზისგან, რომელიც მსოფლიოს მოწინავე და განვითარების გზაზე დამდგარმა ქვეყნებმა აირჩიეს.
მეცნიერება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2011 წლის ბიუჯეტით `სამეცნიერო კვლევების პროგრამაზე~ გამოყოფილია 30,7 მილიონი ლარი, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განკუთვნილი თანხის მხოლოდ 5,57%-ს შეადგენს, ხოლო მთლიანად საბიუჯეტო სახსრების 0,43%-ს. განათლებაზე გამოყოფილი თანხა თითქმის 13-ჯერ აღემატება მეცნიერების დაფინანსებას, იმ დროს როდესაც ოპტიმალურად აღიარებული პროპორცია 2:1 არის. იმის გათვალისწინებით, რომ განათლების ხარჯების დაახლოებით ნახევარი კერძო სექტორსა და მოსახლეობაზე მოდის, ხოლო მეცნიერებას თითქმის მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს, დისპროპორცია კიდევ უფრო გაიზრდება. შარშანდელი მონაცემებით, მეცნიერებაზე გაღებულმა თანხებმა მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,22% შეადგინა. ამით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს (1,7%), რომ აღარაფერი ვთქვათ განვითარებულ ქვეყნებზე. ამერიკის შეერთებული შატატები სამეცნიერო კვლევებზე მთლიანი შიდა პროდუქის 2,5%-ზე მეტს ხარჯავს, იაპონია 3,15%-მდე, ისრაელი 4,5%-ს. თუ ამ თანხებს მოსახლეობის სულადობაზე გადავიანგარიშებთ, გამოგვივა, რომ საქართველოში მეცნიერების განვითარებისათვის ერთ ადამიანზე 6,2 აშშ დოლარი იხარჯება (საშუალოდ მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 17,6 დოლარს შეადგენს).
სრულიად ცხადია, რომ ამ სიმბოლური დაფინანსების პირობებში მეცნიერების განვითარებაზე რაიმე ფიქრიც კი შეუძლებელია. ხელისუფლების კულუარებში არაერთხელ გაგვიგონია, რომ სამეცნიერო კვლევა ძიება საქართველოსათვის მეტად ძვირი სიამოვნებაა, შეუწვდომელი ხილია და საერთოდაც, საჭირო არ არის. საკმარისია, მსოფლიო მიღწევები გავიზიაროთ, რადგან ჩვენ თვითონ ახალს და ღირებულს მაინც ვერაფერს შევქმნით. ზემოთ მოტანილი სტატისტიკა ადასტურებს, რომ სახელმწიფოს დღევანდელი მმართველები სწორედ ასე ფიქრობენ და არა სხვაგვარად და `მეცნიერებაზე ზრუნვით გამსჭვალული~ ყველა საჯარო განცხადება მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრაა.
რაგინდ თავი შევიკაოთ მკვახე განცხადებებისაგან, ასეთ დამოკიდებულებას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა მავნებლურს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სხვათა მოწინავე მიღწევების გაზიარებასა და დანერგვასაც დიდი ფული სჭირდება, ეს პოზიცია ერთი ხელის მოსმით წყალში ყრის ყველაფერს რაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში შექმნილა ჩვენს ქვეყანაში – რაც იმ ავადსახსენებელი საბჭოური რეჟიმის პირობებში ჩვენი მეცნიერების მამებს თავდადებით უშენებიათ, იმ იმედით, რომ მომდევნო თაობები მათ საქმეს გააგრძელებდნენ. სხვა რომ არა იყოს, ჩვენზე კარგად რომელი უცხოელი მიხედავს ქართველოლოგიურ დარგებს, რომელთა გადარჩენა-განვითარება პირდაპირ უკავშირდება ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საკითხს?! ეს ჩვენი საქმე და ტვირთია და მომავალი აუცილებლად მოგვიკითხავს, თუკი მას ვერ ვზიდავთ.

ზოგიერთი დასკვნა
–    საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისათვის განათლება და მეცნიერება არ არის პრიორიტეტული დარგი. უარყოფილია მათი მნიშვნელობა და როლი საზოგადოებისა და ერის განვითარებაში.
–    ელიტარული პრინციპები, რომლებიც მიზანმიმართულად ინერგება განათლების სისტემაში, ლახავენ ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობის ერთ-ერთ ძირითად უფლებას – შეიძინონ ცოდნა და ამის მეშვეობით დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.
–    სისტემის მართვის ავტორიტარული და ხისტი სტილი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების მკაცრ კონტროლს იმისათვის, რომ სრულიად დაუმორჩილონ ისინი ხელისუფლებას.
–    მეცნიერების სიმბოლური დაფინანსება და მთლიანად გეზი, რომელსაც ხელისუფლება ამ სფეროში ადგას, არათუ ვერ უზრუნველყოფს მის განვითარებას, არ იძლევა უკვე შექმნილისა და მიღწეულის გადარჩენის საშუალებას.
–    განათლებისა და მეცნიერების დარგის დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ეროვნულ მიზნებს, ხელს უშლის ქვეყანაში სამართლიანი საზოგადოების მშენებლობას.
–    დღეს საზოგადოების განვითარება შეუძლებელია, თუ იგი ცოდნასა და მეცნიერებაზე არ არის დაფუძნებული. ამიტომ ხალხის განათლება ქვეყნის კეთილდღეობის ზრდის უპირველესი პირობაა.
–    განათლების თანამედროვე სისტემა პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ იგი აგებულია ჰუმანისტურ პრინციპებზე, რომლებიც კაცობრიობის უძვირფასეს მონაპოვარს წარმოადგენენ. იგი ადამიანებში და მთლიანად საზოგადოებაში პიროვნების უმთავრესი უფლებების პატივისცემას, ურთიერთთანადგომისა და სოლიდარობის გრძნობას უნდა ნერგავდეს. სწორედ ასეთი განათლებისა და მეცნიერების სისტემა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ მან პრობლემები დაძლიოს და განვითარების გზას დაადგეს.

 

მიმოხილვა მომზადებულია ააიპ “ევროპული არჩევანი საქართველოსთვის” მიერ 2010 წლის სექტემბერ-დეკემბერში “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მხარდაჭერით ჩატარებული კონფერენციების მიხედვით

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*