გამოღვიძების პირველი ნიშანი

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone


დღეს რუსთაველის ძეგლთან უბრალო ხალხი შეიკრიბა ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. Facebook-ის, forum.ge-ს და რამდენიმე დამოუკიდებელი მედიასაშუალების მეშვეობით შეკრებაზე 10000 ადამიანი მოვიდა. 26 მაისის სახელისუფლებო ტერორიდან 2 დღეში ამ რაოდენობის ადამიანთა შეკრება, როგორც მინიმუმ იმედის მომცემია. მაგრამ, ამ პროტესტის დემონსტრაციაზე არანაკლები იყო უკვე პარლამენტთან გადანაცვლებული ხალხის ცალსახა პოზიცია დღესარსებული ოპოზიციური პარტიების მიმართ _ შეკრებილებმა არ მისცეს უფლება არცერთ პოლიტიკურ ძალას გამოეყენებინა ტრიბუნა. ხალხმა დღეს უნდობლობა გამოუცხადა ანგაჟირებულ ოპოზიციას.

და სწორადაც მოიქცა. ბოლოდროინდელი მოვლენები საკმარისი იყო იმის საჩვენებლად, რომ მიუხედავად ქართულ საზოგადოებაში არსებული ღია და ფარული აგრესიისა სააკაშვილის რეჟიმის მიმართ, ეს ხალხი ცდილობდა არ გამხდარიყო იმ ოპოზიციის „მასოვკა“, რომელიც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში თავისი ქმედებებით მხოლოდ ამყარებდა საზოგადოების უნდობლობას მათდამი. შესაბამისად „სახალხო კრების“ ან თუნდაც „ქართული პარტიის“(ვფიქრობ უკეთესია ამ ორგანიზაციების „აწგანსვენებულებად“ მოხსენიება) მცდელობა _ მოეგროვებინა „რევოლუციის“ ლეგალიზაციისთვის საჭირო კრიტიკული მასა, ამაო აღმოჩნდა. საზოგადოების პასიური ნაწილი შიშის ნიადაგზე არ გადიოდა აქციებზე, აქტიური კი _ უნდობლობის გამო. ხოლო ის ხალხი ვინც ესწრებოდა მიტინგებს და შემდგომში იქნა ფეხქვეშ გათელილი რეჟიმისგან, წარმოადგენდა სასოწარკვეთილ, და რადიკალურ მოქმედებებზე ორიენტირებულ ხალხს, რომლისთვისაც სულ ერთი იყო, ვინ უხელმძღვანელებდა აქციებს, მთავარია, რომ ყოფილიყო რევანში რეჟიმის ტირანიაზე. სწორედ ამ ფაქტორს არ იჯერებდნენ აქციის ორგანიზატორები. ისინი თვლიდნენ, რომ ხალხი მათ უჭერდა მხარს, ეს კი ილუზია იყო. სხვათაშორის დღესაც, ხალხის მსვლელობისას რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე, ბევრი ცნობადი პოლიტიკური სახე ცდილობდა წინა რიგებში ყოფნას, ტალღაზე შემოჯდომას, მერე სიტყვით გამოსვლას და თავის შეკრების ლიდერად წარმოჩენას. არ გამოუვიდათ, ხალხი რუსთაველზე პოლიტიკოსების გამო არ მისულა. ასეთი ადამიანები პოლიტიკოსები კი არა სვავები არიან. მათთვის ხალხი არის იგივე, რაც სააკაშვილისთვის, _ მასა, მასოვკა, ბრბო, რომელიც მხოლოდ უნდა დათვალო ასობით, ათასობით ან ათიათასობით. თავის თავს ეს გამხმარი ოპოზიცია მიიჩნევს ყველა ასეულის და ათასეულის ლიდერად. რატომ? იმიტომ რომ მათ მედიამ ოპოზიცია დაარქვა, ოპოზიცია კი ხელისუფლების ალტერნატივაა. თუ მასას და ბრბოს არ მოსწონს ხელისუფლება, მაშინ, მისი ალტერნატივა ეს ოპოზიციაა. ხოლო თუ ეს ოპოზიციაა, მაშინ აგერ რიგში მდგომი ოპოზიციური ალტერნატივა „რვიანის“ სახით. რვიანში ელიან, როდის გააქრობს ხალხი „რადიკალებს“, რომ რადიკალების ალტერნატივად გამოჩდნენ ზომიერები, უფრო ბრძენი და პროგრესული პარტიები, რომლებსაც თურმე გამოსავალი მხოლოდ არჩევნებში დაუნახავთ. არჩევნებისთვის კი ხალხი ამ „რვიანისთვისაც“ არის ბიულეტენებზე მათთვის სასარგებლო ციფრების შემომხაზველი ასეულები და ათასეულები, ბრბო, მასა.

დღეს ამ „ბრბომ“ და „მასამ“, უფრო სწორად ამ მასის ერთმა, ყველაზე თამამმა ნაწილმა ხმა ამოიღო. არა მარტო ხელისუფლების ტირანიის, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ. არა კონკრეტულად ბურჯანაძის ან გაჩეჩილაძის, არამედ სხვებისაც, ყველას მიმართ, ვინც დღეს ანგაჟირებული ოპოზიციაა. ამ „ყველა“-ში, რიგში სულ ამაოდ მდგომი „რვიანიცაა“. ძნელი მისახვედრი არაა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა თუ ის მოახერხა, რომ ხალხი დააშინა და მათში პროტესტის გამოხატვის სურვილს ხელკეტითა და რეზინის ტყვიებით ახშობს, იმასაც მოახერხებს, რომ თუნდაც ოპოზიციის დაწერილი საარჩევნო კოდექსითა და გაყალბებების გამოუყენებლად კვლავ მოიპოვოს უმრავლესობა. თუ ხალხს პროტესტის გამოთქმის ეშინია, რატომ არ შეეშინდება ოპოზიციის მხარდაჭერისსაარცევნო ურნებთან? ვანო ხომ ყველაფერს ხედავს?  ხალხი ხვდება, რომ არჩევნები არის მხოლოდ რეჟიმის სურვილი, „უფრო საღი ოპოზიცია“ კი ნებსით თუ უნებლიედ ამ სურვილს უსრულებს.

დღის წესრიგიდან მოსახსნელია მოთხოვნა „მიშა წადი!“, არჩევნები, მედიის ან სასამართლოს თავისუფლება და ა.შ. რასაკვირველია ეს საკითხები დგას, მაგრამ დღის წესრიგი უნდა იყოს საზოგადოების, ხალხის მიერ ქვეყნის მესაკუთრეობის აღქმის დაბრუნება. ხალხმა უნდა გააძლიეროს ისეთი აქტიურობა, როგორიც დღეს იყო და პოლიტიკის კეთება თავად უნდა დაიწყოს. უნდა დამთავრდეს აქამდე არსებული „პოლიტიკა“ რომელიც მხოლოდ ელიტების _ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ჩაბეტონებული ფიგურების საქმე იყო. „პოლიტიკა“ რომელთანაც ხალხს, როგორც ბრბოს უშვებდნენ მხოლოდ მაყურებლად ტელევიზორთან, ან „მასოვკად“ მიტინგებზე, რომლებზეც გამოდიოდნენ ტელევიზორებით ცნობილი ფიგურები და ფიქრობდნენ და მოქმედებდნენ ხალხის სახელით, უფრო სწორად ხალხის მაგიერ, ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილის რეჟიმი და მისი ლიბერტარიანული ელიტა, რომლებმაც ჯერ დაიბრალეს, შემდეგ კი დაიჯერეს, რომ მათ უფლება აქვთ იფიქრონ და იმოქმედონ ხალხის ნაცვლად. სწორედ ამიტომ არაა სხვაობა ხელისუფლებასა და დღევანდელ ანგაჟირებულ ოპოზიციას შორის, ამას ქვეცნობიერად თუ ზეცნობიერად გრძნობს ხალხი და ამიტომაც იძულებულია ორივესგან დისტანციაზე იყოს. შეცდომაც სწორედ იმაშია, რომ ხალხი ცდილობს დისტანციაზე ყოფნას და სჯერა, რომ პოლიტიკა „რჩეულთა“ საქმეა. აი ჩვენი „რჩეულები“ _ ერთ მხარეს ტირანიისკენ დაქანებული პრეზიდენტი და მეორე მხარეს ოპოზიციური „შახსეი-ვახსეი“!

უნდა დასრულდეს მარადიული ლოდინი ბაზალიეთელი ან ზეციური გმირების, არც ერთი ამოყვინთავს და არც მეორე ჩამოფრინდება. გმირობის შანსი აქვს მხოლოდ ხალხს, არა ხმლის ალესვით და ჯოს-ჯოს ძახილით, არამედ მისი კუთვნილის  საქართველოს მართვით. სიცრუეა ოპოზიციონერთა არგუმენტი _ თუ ჩვენ არ ვიქნებით აბა ვინ? ჯობია დღეს საერთოდ უარი ითქვას ოპოზიციაზე, ვიდრე კიდევ 20 წელი ერთ წრეზე სიარული. სად არის ახალგაზრდობაო? რომ კითხულობს ოპოზიცია, აქ არის, საქართველოში და ცხოვრობს მისი, ამ ანგაჟირებული ოპოზიციისგან განსხვავებული  ცხოვრებით. მას აწუხებს საქართველოს პრობლემა, განათლების, უმუშევრობისა და ჯანდაცვის პრობლემები, მაგრამ არ ესმის ოპოზიციისგან ამ პრობლემების გადაჭრის გზების ალტერნატივები. ახალგაზრდობის ნაწილი საკმაოდ აქტიურია, პოლიტიკურად აქტიური მაგრამ ეს აქტიურობა არ ჩანს, რადგან „პოლიტიკური ელიტები“ მედიასთან ერთად აქტიურად იცავენ თავის ელიტურობას და არ უშვებენ მასში არც ახალგაზრდებს და არც ხალხს. ამ ელიტების აზრით ხალხისთვის პოლიტიკაში მონაწილება შეიძლება მხოლოდ არჩევნებზე. მათი აზრით პოლიტიკა ან გაკეთებულის დაპიარებაა ან ხელისუფლების ხავილით კრიტიკა. ეს სტერეოტიპი დასანგრევია.

დღეს დიდი დღე იყო. ამ წლების განმავლობაში რუსთაველზე მისული 10 000 ადამიანი იყო არა ასეულებისგან შემდგარი „მასოვკა“ არამედ მთავარი აქტორი, დღეს ის ხალხი წარმართავდა ვითარებას, ხვალ ხალხმა უნდა წარმართოს პოლიტიკა და ეს უნდა აკეთოს ყოველდღიურად. ზეგ ხალხი დაიბრუნებს საქართველოს და მაშინ სააკაშვილის, ოლიგარქების და „ზონდერების“ პრობლემა ძალიან მარტივად გადაწყდება.

 

 

დღეს გადაღებული სურათი

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*