ბიძინა ივანიშვილი და გამოწვევები საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის

Share on Facebook6Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ივანიშვილის გამოჩენამ ქართულ პოლიტიკაში შეცვალა პოლიტიკური პარტიების კონფიგურაცია. თუ პარტიები  აქამდე ორიენტირებულნი იყვნენ ემოქმედათ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ებრძოლათ არჩევნებში, დღეს მათი ორიენტირები იცვლება. დღეს ერთ მხარეს არის სააკაშვილი და მისი მთავრობა, მეორე მხარეს ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა და მის გარშემო ქართველი ხალხის დიდი ნაწილი. ამ ვითარებაში პარტიებს ჩვეული ფუნქცია დაეკარგათ. პარტიების რეიტინგები, შედარებით ძლიერი, ნაკლებად ძლიერი და ა.შ. კარგავს მნიშვნელობას.

ამ ვითარებაში სავარაუდოა განვითარების შემდეგი გზა: პოლიტიკური პარტიები ეცდებიან ივანიშვილის გვერდით დაიკავონ ადგილი და მასთან ერთად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენი საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, ეს პარტიები ორიენტირებულნი იქნებიან იმაზე, რომ ჩაეწერონ იმ სიაში, რომელიც შედგება ივანიშვილის ეგიდით და ამ სიაში ადგილების დაკავებისთვის ბრძოლა გახდება პარტიების მთავარი საქმე. ეს ხელს უწყობს პარტიების, როგორც დამოუკიდებელი და ხალხთან დაკავშირებული პოლიტიკური ორგანიზაციების შესუსტებას, რამდენადაც ხალხის არჩევანი დაკავშირებული იქნება არა პარტიებთან, არამედ ივანიშვილთან. პარტიების ასეთი მიმართულებით  მოქმედება იქნება გარკვეული სახის ტყუილი ხალხთან მიმართებაში, ანუ ხმებს მიიღებენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ეს ხმები რეალობაში არა აქვთ.
 
ზუსტი პარალელების გავლება შეუძლებელია, მაგრამ ივანიშვილის პოზიცია დღეს ჰგავს ზვიად გამსახურდიას ან ედუარდ შევარდნაძის პოზიციას, როდესაც მათ ჰქონდათ ხალხის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა, ხოლო რეალურ პოლიტიკაში მონაწილეობა პარტიებისთვის მათთან მიმართებაზე იყო დამოკიდებული.

ასეთ პირობებში  ყალიბდება ყალიბდება პოლიტიკური სისტემა, როდესაც რეალურ პოლიტიკასთან საქმე აქვს მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას, საზოგადოებრივი საყრდენი პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ, პოლიტიკა კარგავს საზოგადოებრივ განზომილებას და იქცევა მხოლოდ სახელისუფლებო ჯგუფის შიგნით ან მის მიმართ ინტრიგად. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიღებთ განხეთქილებებს სახელისუფლებო ჯგუფში და პოლიტიკურ კრიზისებს.
 

ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური განვითარების ეს ჩვეული სცენარი და დღესვე ჩავუყაროთ საფუძველი მომავალში რეალურად საზოგადოებრივი პოლიტიკის წარმართვას საქართველოში.

ცხადია მხარდამჭერთა გაერთიანებას, რომელიც შედგება ივანიშვილის გარშემო, ექნება რაღაც ფორმა. ეს იქნება ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჩაეწერებიან საარჩევნო სიაში, იქნებიან აქტიურები და ა.შ. დღეს ორიენტაციას იმაზე, რომ ეს იყოს უპარტიო, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია,  აქვს რამდენიმე ხარვეზი. ერთია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტთა წრის წარმომადგენლები სინამდვილეში ძირითადად არ განსხვავდებიან პარტიულებისგან. ისინი პრაქტიკულად სრულად შეესაბამებიან იმ სტილს, რომელიც აქამდე წარმოდგენილი იყო წამყვანი პოლიტიკური დისკურსის სახით მედიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ცხადია საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან განსხვავებულ მიზნებზე, რომლებიც უფრო ახლოსაა საზოგადოების განვითარების თემებთან და შესაძლოა ასეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ, მაგრამ პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების  იზოლირება, სრულად და მყისიერად ვერც მოხერხდება და არც სასურველია, თუნდაც იმიტომ, რომ ახალ  ხალხს არ ექნება შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ ასეთ მცირე დროში ჩამოყალიბდნენ, როგორც აქტიური პოლიტიკური ფიგურები. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ უნდა გაკეთდეს გარკვეული სინთეზი. ამ პროცესის  შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საბოლოო შედეგს. მთავარია, რომ პროცესმა ხელი არ შეუშალოს იმ მოტივაციას, რომელიც გაუჩნდა მოსახლეობას. ასეთი ხიფათები შეიძლება არსებობდეს და მათი დაძლევა დღეს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ყველაზე სასურველი იქნებოდა მოდელი, რომელიც მეტნაკლებად გაითვალისწინებს ყველა ჯგუფის ინტერესს, მაგრამ არა ისე, რომ კონკურენცია მათ შორის აღმოჩნდეს გაერთიანების შემასუსტებელი. ამისგან დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება იყოს შემდეგი:
 
უნდა მოხდეს ოპოზიციური რესურსების სრული მობილიზება და შეთანხმებული, კოორდინირებული მოქმედება. ამომრჩეველს უნდა ქონდეს პრაქტიკულად მხოლოდ ორი არჩევანი: ერთ მხრივხელისუფლება, მეორე მხრივ ოპოზიცია, ანუ არსებული წესრიგი და მისი ალტერნატივა.
 
როგორ შეიძლება ეს მოხდეს?
 
უნდა შეიქმნას მხოლოდ ერთი პროპორციული სია. ეს სია შეიქმნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. პარტიები პრაქტიკულად პროპორციულ სიებს არ შეადგენენ. ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილნი ივანიშვილის ხელმძღვანელობით ფორმირებულ სიაში. ოპოზიციური პარტიები ცალკე არ მიიღებენ მონაწილეობას პროპორციულ არჩევნებში. პროპორციულ არჩევნებში ყველა რეალურად ოპოზიციური პარტია მხარს დაუჭერს ივანიშვილის გაერთიანებას.
 
ერთმანდატიან ოლქებში ოპოზიციური პარტიები ურთიერთშეთანხმებით წარადგენენ კანდიდატებს. ამ კანდიდატებს მხარს დაუჭერს ივანიშვილის გაერთიანება და ყველა ოპოზიციური პარტია.
 

შეზღუდული რესურსების პირობებში პარტიებს აქვთ შესაძლებლობა მთელი თავისი რესურსების კონცენტრირება მოახდინონ ცალკეულ ერთმანდატიან ოლქებში მათი რესურსები, ადამიანური, ფინანსური, ორგანიზაციული, არაა საკმარისი საქართველოს მასშტაბით სრულფასოვანი კამპანიის წარსამართავად. პარტიების უმეტესობისთვის რთული იქნება რამდენიმე ოლქშიც კი სრულფასოვანი და ძლიერი კამპანიის წარმართვა. მაგრამ თუ  მოხდება კოორდინირება, შეიძლება აღმოჩნდეს ისე, რომ სრული ოპოზიციური სპექტრი იყოს მობილიზებული ცალკეული კანდიდატების მხარდასაჭერად დამოუკიდებლად იმისგან, თუ რომელმა პარტიამ წარადგინა ისინი. ამავდროულად პარტიებს ექმნებათ შესაძლებლობა, არ შევიდნენ წინააღმდეგობაში იმ გაერთიანებასთან, რომელიც იქმნება ბიძინა ივანიშვილის გარშემო.

პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები ქვეყნის განვითარების პერსპექტივის თაობაზე. ერთის მხრივ, ისინი მხარს უჭერენ გაერთანებას, რომელიც მოწოდებულია შეცვალოს დღეს არსებული რეჟიმი და დაიკავოს პარლამენტში უმრავლესობა, ამავე დროს, თვითონაც იქნებიან პარლამენტში წარმოდგენილნი საკუთარი პოზიციების გათვალისწინებით. მათ შეეძლებათ საკუთარი პლატფორმით წარმართონ კამპანიები. ეს პლატფორმები წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს ფართო გაერთიანების საერთო პლატფორმასთან. ამიტომ ამ გაერთიანების საერთო პლატფორმა უნდა იყოს არა ძალიან კონკრეტული, არამედ ზოგადად დემოკრატიული, რომლის მთავარი შემადგენელი იქნება დღეს პროტესტულად განწყობილი მოსახლეობისათვის საერთო პრობლემების გადაჭრის ზოგადი პრინციპები, რომლებსაც წესით ყველა დემოკრატიული პარტია უნდა იზიარებდეს. ამავდროულად ეს პარტიები უნდა იზიარებდნენ პლურალიზმის პრინციპებს, რომ მომავალში შეექმნათ შესაძლებლობა უფრო აქტუალურად წარმართონ თავისი იდეოლოგიის შესაბამისი პროპაგანდა და პოლიტიკური მუშაობა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პირველად საქართველოში შევქმნათ ვითარება, როდესაც დამკვიდრდება ისეთი პოლიტიკური წესრიგი, სადაც წამყვანი როლის თამაშს დაიწყებენ იდეები, ხედვები და არა ცალკეული პიროვნებები.  ეს სპექტრი შექმნის ერთგვარ უმრავლესობას, შესაძლოა ძალიან მყიფეს, მაგრამ ისეთ უმრავლესობას, რომელიც შეძლებს დიდი გაერთიანების პრინციპების რეალიზებას, უზრუნველყოფს არადემოკრატიული რეჟიმის დემონტაჟს და პირობების შექმნას რეალური დემოკრატიული პროცესის წარმართვისთვის.
 
სტატია პირველად დაიბეჭდა გაზეთ რეზონანსში 29/11/2011
 

 

Share on Facebook6Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*